კრემლის მაღალჩინოსნები წინასწარ განწყობებს არ მალავენ. საგარეო საკითხებში ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ამერიკელ კოლეგასთან, მაიკლ ვოლცთან საუბრისას პირდაპირ თქვა, რომ ცეცხლის დროებითი შეწყვეტის პირობა მოსკოვისთვის მიუღებელია.
მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ამას უკრაინული ჯარების გადაჯგუფების საშუალებად მიიჩნევს. მართალია მაღალჩინოსანი პუტინის ნაცვლად საუბარს მოერიდა, თუმცა რუსულ მედიასთან ცხადყო, რომ კრემლი მაქსიმალურ შედეგებზე იღებს სწორებას.
“ბოლო პერიოდია მაიკლ ვოლცთან რეგულარული სატელეფონო საუბრები მაქვს. გუშინ მან დამირეკა და ინფორმაცია მომაწოდა, ჯიდაში უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შედეგებზე დროებით ზავთანნ დაკავშირებით. ჩვენი პოზიციით, ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებითი ამოსუნთქვა უკრაინული ძალებისთვის. ვთვლით რომ, ჩვენი მიზანი მაინც გრძელვადიანი სამშვიდობო დარეგულირებაა, სწორედ ამისკენ მივისწრაფვით. ეს კი ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს, ჩვენს ყველასათვის ცნობილ წუხილებს. ნაბიჯები, რომელიც უბრალოდ სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა, ამ სიტუაციაში არავის სჭირდება”, – ამბობს იური იუშაკოვი, რუსეთის პრეზიენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში.
ამ განცხადებების ფონზე ვნუკოვოს აეროპორტში ჩაფრინდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი. დონალდ ტრამპის ძველი მეგობარი და ახალი დესპანი ახლო აღმოსავლეთში – სტივ ვიტკოფი.
სწორედ მას ერგო მოსკოვისთვის ქალაქ ჯიდაში შეთანხმებული დეტალების ოფიციალურად გადაცემა და პასუხის მოსმენა. ამასთან ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია საერთაშორისო ზარისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგება.
“არ არსებობს რაიმე ეჭვი იმასთან დაკავშირებით,რომ კურსკის ოლქი საკმაოდ მალე იქნება გათავისუფლებული. მომლაპარაკებლები მართლაც მოფრინავენ და კომუნიკაციები მართლაც დაგეგმილია. კონტაქტები უკვე იყო, გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი ვოლცსა და უშაკოვს შორის. რუსულ მხარეს გარკვეული ინფორმაცია გადაეცა. ვიდრე ეს მოლაპარაკებები დაწყებულა, და მინდა შეგახსენოთ,რომ ის არ დაწყებულა, არასწორი იქნებოდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი”, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა კრემლიდან.
თავად ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს დიპლომატიური ტონი შეინარჩუნოს და მოსკოვს პოზიტიური ნაბიჯებისკენ უბიძგოს, თუმცა ჟურნალისტების კითხვებს მაინც ვერ გაექცა. კითხვაზე, რა ბერკეტები აქვს აშშ-ს რუსეთის უარის შემთხვევაში პრეზიდენტმა ასე უპასუხა.
“იმედია, რუსეთისგანაც გვექნება ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა. თუ ეს მოხერხდა, ვფიქრობ ეს ამ სასტიკი სისხლის ღვრის დასრულების 80 % -ი იქნება. რა თქმა უნდა შეგვიძლია მათზე ზეწოლა, მაგრამ იმედია ეს საჭირო არ გახდება. მე შემიძლია იმგვარი ფინანსური ქმედებების განხორციელება, რომელიც რუსეთისთვის ძალიან ცუდი იქნება.რომელიც იქნება გამანადგურებელი რუსეთისთვის. მაგრამ მე ამის გაკეთება არ მსურს, რადგან მშვიდობა მინდა. მე მსურს ვიხილო მშვიდობა, და ჩვენ მას ვნახავთ. ჩვენ შესაძლოა ვუახლოვდებოდე რაღაცის გადაწყვეტას. უკრაინა მოვაგვარეთ, რაც შეიძლებოდა უფრო რთულიც კი ყოფილიყო. მაგრამ ისინი დათანხმდნენ მშვიდობას”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
პარალელურად მედია, დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნების შესახებ წერს. WP-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი ომის დასრულებას 2026 წლამდე არ განიხილავს. მკაცრ უარს ამბობს უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსებაზე. უკრაინისგან კი მოითხოვს უარი თქვას ნატოზე, აღიაროს წართმეული ტერიტორიები რუსეთის შემადგენლობაში. მოითხოვს უკრაინის არჩევნებში პრო-რუსული ძალების მონაწილეობის უზრუნველყოფას. ბუფერულ ზონებს ბრიანსკთან და ბელგოროდთან. დემილიტარიზებულ ზონებს ყირიმთან და ოდესასთან.
ვოლოდიმირ ზელენსკი:
“სამწუხაროდ, დღეზე მეტია, რაც გაკეთებულ შეთავაზებაზე მსოფლიოს რუსეთის არსებითი პასუხი არ მოუსმენია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ცდილობს გაახანგრძლივოს ომი და დააყოვნოს მშვიდობა, რაც შეიძლება დიდი ხნით. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის ზეწოლა იქნება ხელშესახები, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი.
ჩვენი გუნდი მზადაა კონსტრუქციული მუშაობისთვის პარტნიორებთან. უკრაინა მოწადინებულია გააგრძელოს სწრაფი სვლა მშვიდობის მიმართულებით. მზად ვართ ვითამაშოთ ჩვენი როლი სანდო, ხანგრძლივი და რიგიანი მშვიდობის მისაღწევად”.
The Ukrainian delegation provided me with a detailed report on its meeting with US representatives in Saudi Arabia, including the progress of negotiations and key aspects.
It is good that the conversation was entirely constructive. Ukraine is committed to moving quickly toward… pic.twitter.com/5chfbyUvjB
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 13, 2025
არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი დროს მანამ გააჭიანურებს, ვიდრე კურსკიდან უკრაინულ ძალებს ბოლომდე არ შეავიწროებს.
საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რამდენიმე თვეა უკრაინული ძალები იკავებდნენ. ქალაქი სუჯას დაბრუნების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი კურსკში ჩავიდა და ტერიტორიის უახლოეს პერიოდში გათავისუფლება ბრძანა.
თავად უკრაინასაც უწევს იმის აღიარება, რომ მომგებიან პოზიციაში არ არიან. თუმცა იქნება თუ არა პუტინი მზად მშვიდობისთვის, კურსკის დაბრუნების შემთხვევაში – ღიად რჩება.