ფილმი „როგორ ვიქეცით ლედ ზეპელინად?“ მოგვითხრობს ლეგენდარული როკ ჯგუფის შექმნის ისტორიას. დოკუმენტურ ნამუშევარში ასახულია ჯგუფის ოთხივე წევრის მოგზაურობა და მათი შემოქმედებითი ცხოვრება მუსიკალურ სამყაროში.
კინორეჟისორებს ელისონ მაკგორტისა და ბერნარდ მაკმაჰონს ლედ ზეპელინის წევრებმა დოკუმენტურ ფილმზე სრული შემოქმედებითი კონტროლი და ნდობა გამოუცხადა. ფილმი მოიცავს ექსკლუზიურ ინტერვიუებს იშვიათ და აქამდე უხილავ კადრებთან ერთად.
„ლედ ზეპელინი შედგება 4 წევრისგან, რომლებიც პირველივე რეპეტიციიდან ჩამოყალიბდნენ, ხოლო დანარჩენი კი უკვე ისტორიაა. როცა ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა, ყველა გვეუბნებოდა, რომ გიჟები ვიყავით და ლედ ზეპელინი არავითარ შემთხვევაში არ დაგვთანხმდებოდა. თუმცა, ჯგუფის წევრებმა თავიდანვე სრული ნდობა გამოგვიცხადეს. ისინი არ გახლავთ ფილმის პროდიუსერები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საქმეში არ ჩარეულან და ბოლომდე მოგვანდეს გადაღებები და კარგი პროდუქტიც გამოგვივიდა. არა მგონია, რომ რომელიმე სხვა ჯგუფს რეჟისორებისთვის ასეთი თავისუფლება მიეცა“, – ფილმის რეჟისორიამბობს ბერნარდ მაკმაჰონი.
შემოქმედებით ჯგუფს საფუძვლიანი კვლევა დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ რის გამო იყო ეს მაგიური ოთხეული ასე ერთ ორგანიზმად შეკრული და ასევე ერთმანეთისთვის შექმნილი.
„7 თვის განმავლობაში ვაგროვებდით მასალას და ვიკვლევდით არქივს, იყო თუ არა საკმარისი კადრები ფილმის გადასაღებად. ამის შემდეგ დავწერეთ სცენარი და შევქმენით სრული სიუჟეტი. ვფიქრობ, ჯგუფის შექმნის ისტორია ძალიან საინტერესოდ და ამაღელვებლად გადმოვეცით. გადაღებები ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. ყველაზე კარგად ის მომენტი მახსენდება, როცა თავად ჯიმი პეიჯმა დაგვირეკა და მასთან ერთად პანგბურნში წასვლა შემოგვთავაზა. იმ სახლს ვესტუმრეთ, მდინარე ტემზას ნაპირზე, სადაც ჯგუფის პირველი რეპეტიცია გაიმართა“, – ამბობს რეჟისორი ელისონ მაკგორტი,.
ფილმმა უკვე დაამყარა რეკორდები IMAX-ის მუსიკალური ჟანრის ფილმთა კატეგორიაში და პირველივე შაბათ-კვირას $2.6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ფილმის პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში 7 თებერვალს გაიმართა.