მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

უკვე გაზაფხულია და ვიმედოვნებთ, რომ თქვენთანაც კაშკაშებს მზე.  თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ასე არ არის, იმედია, ამ კვირის რეკომენდაციები გაგიმხიარულებთ და დადებითი ემოციებით აგავსებთ მომდევნო დღეებში.

ამ კვირაში წინ გელით ბრიტანელი მხატვრის ტრეისი ემინის გამოფენა იტალიაში, ასევე გამოფენები ბრიუსელის მუზეუმებში, ჰიპ-ჰოპ ჯგუფ „ქლიპინგის“ ახალი ალბომი  და შესანიშნავი სიახლე – მაიკლ ფასბენდერი დიდ ეკრანზე ბრუნდება.

გამოფენები

რომს დამსახურებულად სცემენ პატივს დიდებული ხელოვნების გამო, თუმცა მისი მრავალი უნიჭიერესი ქალი მხატვარი საუკუნეების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა. გამოფენა “Roma Pittrice”  მწერალ ილარია მიარელი მარიანის, ასევე ხელოვნების მცოდნე რაფაელა მორსელის ორგანიზებითა და ისტორიკოს ილარია არკანჯელთან თანამშრომლობით იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია 56 ქალი მხატვრის 130 განსაცვიფრებელი ნამუშევარი (რომელთაგან ბევრი საზოგადოებისთვის უცნობია), რომლებიც მე-16-19 საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. ისინი არაერთხელ აღმოჩენილან დიდი გამოწვევებისა და წინააღმდეგობების წინაშე. მათი ისტორიები, ისევე როგორც მათი ნამუშევრები, კიდევ ერთი კუთხით წარმოაჩენს იტალიის მდიდარი კულტურული ისტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც აღარასოდეს მიეცემა დავიწყებას. გამოფენა რომის მუზეუმში (Palazzo Braschi) იმართება და 4 მაისამდე გასტანს.

“Roma Pittrice”

ფლორენციაში კი 16 მარტიდან 20 ივლისის ჩათვლით პალაცო სტროზი ტერნერის პრემიაზე წარდგენილი ბრიტანელი მხატვრის ტრეისი ემინის ნამუშევრებს გვთავაზობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი ნამუშევარი სექსისა და მარტოობის თემებზე. ნახატები, ქანდაკებები, ფოტოგრაფია, ჩანახატები, ნეონის ინსტალაციები და სხვა ნამუშევრები ასახავს იმ თემებს, რომლებიც, ერთი მხრივ, პირადულია, მაგრამ, მეორე მხრივ, უნივერსალური და გასაგები.

ტრეისი ემინის ნამუშევარი სახელწოდებით „სიყვარულის დასასრული” (2024) – Credit: Tracey Emin/White Cube

Belle Époque-ის („ლამაზი ეპოქა,“ 1871 -1914 წლამდე პერიოდი) განმსაზღვრელი ესთეტიკა, ილუსტრირებული პლაკატები უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ თეატრისა თუ პროდუქციის რეკლამა. მათ შეცვალეს საზოგადოების ურთიერთობა ხელოვნებასთან. პარიზის ორსეის მუზეუმმა საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით შეკრიბა 300-ზე მეტი ორიგინალური ნამუშევარი, მათ შორის შესრულებული ისეთი ოსტატების მიერ, როგორებიც არიან შერე, ბონარი, გრასე და ტულუზ-ლოტრეკი. გამოფენა 18 მარტიდან 6 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

‘La Rue’ by Théophile Alexandre Steinlen, 1896 – Credit: Bibliothèque nationale de France

ღონისძიებები

Lá Fhéile Pádraig sona duit – გილოცავთ წმინდა პატრიკის დღეს!  ირლანდიის მფარველი წმინდანის პატივსაცემად ყოველწლიური დღესასწაული ოფიციალურად  17 მარტს იმართება, მაგრამ ზეიმი, ფაქტობრივად, პარასკევიდან იწყება, როდესაც მოქალაქეები მიდიან ადგილობრივ ირლანდიურ პაბებში, რესტორნებსა თუ ბარებში, მიირთმევენ გინესს, ვისკის და საერთო მხიარულებას უერთდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც აღინიშნება წმინდა პატრიკის დღე, თავად ირლანდიაში გამართულ ზეიმს მაინც არაფერი შეედრება. ამ დროს განსაკუთრებულია ქალაქი კილკენი, სადაც კოსტიუმებში გამოწყობილი მუსიკოსები, მხატვრები, და სხვადასხვა შემსრულებელი კრეატიულობითა და მომხიბვლელობით აცოცხლებენ შუა საუკუნეებისდროინდელ ქუჩებს. ეს ასევე შესანიშნავი შესაძლებლობაა, კარგად გაეცნოთ ავთენტური ირლანდიური კულტურის სილამაზეს.

მალე წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ… – Canva

შემდეგი აქტივობა კი დააინტერესებთ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც კვირის განმავლობაში სამუშაო საათების დროსა თუ სხვა მიზეზების გამო ვერ იცლიან. ბელგიაში, კერძოდ, ბრიუსელში, Nocturnes-ის ღონისძიება, რომელიც 13 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით იმართება, საშუალებას იძლევა, გვიან ღამით დაათვალიეროთ ქალაქის კულტურული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიებაში მონაწილეობს ბრიუსელის მრავალი მუზეუმი, რომლებიც საღამოს 10 საათამდე არ დახურავენ კარს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, დაგეგმოთ კულტურული აქტივობები და მოინახულოთ და გაეცნოთ ისტორიისა და ხელოვნების უამრავ ნიმუშს.

ფილმები

Black Bag „შავი ჩანთა“

როცა თქვენი ვინაობა გასაიდუმლოებულია,  როგორ შეგიძლიათ, ენდოთ  ვინმეს ან რამეს? ეს ფილოსოფიური პრობლემა წარმოდგენილია სტივენ სოდერბერგის ახალ ეროტიკულ ტრილერში, რომელშიც მთავარ როლებს მაიკლ ფასბენდერი და კეიტ ბლანშეტი ასრულებენ. ისინი არიან  ჯაშუშები, რომელთა ურთიერთობაც მას შემდეგ იცვლება, რაც ბლანშეტის პერსონაჟი მთავარი ეჭვმიტანილი ხდება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში. ფილმი, რომელიც სოდერბერგის ჩვეულ სტილს ინარჩუნებს,  ეხება ღალატსა  და იმ თემას, თუ სად გადის ერთგულების ზღვარი. ფილმი ევროპის კინოეკრანებზე 14 მარტიდან გამოჩნდება.


.

The Ugly Stepsister „მახინჯი ნახევარდა“

ბერლინალეს ტოპათეულში შესულ  „კონკიას“ ამ ახლებურ ვერსიაში ზღაპრული ღირებულებებისა და ქალის სილამაზის სტანდარტების დეკონსტრუქციის გზით ყურადღება გამახვილებულია  კონკიას  ნახევარდის პერსონაჟზე. Coralie Fargeat-ის საშინელებათა ჰიტის The Substance-ის მსგავსად, არც ეს არის მარტივი ფილმი.  მაყურებელი ნახავს ისეთ სცენებს, როგორებიცაა დასახიჩრება, თვალის ოპერაცია თუ საშინელებათა ფილმისთვის დამახასიათებელი სხვა კადრები.  თავის მიმოხილვაში კინოკრიტიკოსი დევიდ მურიკო ამ ფილმს ტრიუმფად მიიჩნევს და ამბობს, რომ მასში წარმოჩენილია კინემატოგრაფიის ახალი თამამი და ამბიციური ხედვა. ფილმის ნახვა ნორვეგიის კინოთეატრებშია შესაძლებელი. ის  სხვა ქვეყნებშიც მალე გამოჩნდება ეკრანებზე.

„მახინჯი ნახევარდა”

სერიალები

Adolescence „მოზარდობა“


.

ყველა ფილმი, რომლებშიც მთავარ როლს სტივენ გრემი ასრულებს (Boiling Point, This is England), როგორც წესი, დაძაბული, საინტერესო და ამაღელვებელია. ამ ახალ ოთხნაწილიანი სერიალის სცენარის დაწერაში ჯეკ თორნთან ერთად სტივენ გრემიც მონაწილეობდა.  მსახიობი ასრულებს მამის როლს, რომლის ტინეიჯერი ვაჟი (ოუენ კუპერი) სკოლის მეგობრის მკვლელობაშია ბრალდებული. Boiling Point-ის მსგავსად, ყველა ეპიზოდი ერთი ხანგრძლივი უწყვეტი კადრია, რაც მაყურებელს არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. ეს არის ძლიერი ფილმი არაჩვეულებრივი შესრულებით. მსახიობები უპირისპირდებიან სოციალურ საკითხებს, რომელთაც, თავის მხრივ, გავლენა აქვთ ახალგაზრდებზე. სერიალის ნახვა 13 მარტიდან ნეტფლიქსზე შეგიძლიათ.

მუსიკა


.

ამერიკული ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი „ქლიპინგი“  ბრუნდება მეხუთე სრული ალბომით, რომელიც 2020 წლის კონცეპტუალური Visions of Bodies Being Burned-ის გააგრძელებაა, მანამდე გამოშვებული სინგლები, როგორიცაა, მაგალითად, Change the Channel, გვთავაზობს უილიამ გიბსონის სამეცნიერო ფანტასტიკური რომან Neuromancer-ით შთაგონებულ ჰანგებს. თვალყური ადევნეთ ჩვენს სრულ მიმოხილვას, რომელიც პარასკევს, 14 მარტს, გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend