კიევის რეგიონში მესამე ცალკეული შემტევი ბრიგადის სამხედროები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში გუნდურად ემზადებიან. ისინი გეგმავენ და შემდეგ შეტევაზე გადადიან. აქ მომზადებას გადიან ახალწვეულებიც, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს შეუერთდნენ ბრძოლაში გამოწრთობილ უკრაინულ ქვედანაყოფს. ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პრესტიჟული დანაყოფია. ინსტრუქტორების თქმით, მტერი თუ არ შეაჩერე, თავად არ გაჩერდება. თუ მოწინააღმდეგე აქცენტს ცოცხალი ძალის რაოდენობაზე აკეთებს, უკრაინის არმიისთვის მთავარი ხარისხია. ახალწვეულებთან ერთად აქ არიან სამოქალაქო პირებიც, მათ შეუძლიათ ერთი კვირა საწვრთნელ ბანაკში გაატარონ და მოემზადონ.
„ჩემი აზრით, ომის მეოთხე წელს ხალხი უნდა იყოს მოტივირებული, რომ აქ მოვიდეს. ამ მომენტისთვის ყველამ უნდა გააცნობიეროს – გადადგას ეს ნაბიჯი და დაიცვას სამშობლო. მეოთხე წელი! როგორ შეიძლება ხალხი არ იყოს მოტივირებული, რომ გადადგან ნაბიჯი სამშობლოს დასაცავად და წერტილი დაუსვას ამ ომს…“ – ამბობს მესამე ცალკეული შემტევი ბრიგადის ინსტრუქტორი სახელად „გერა“.
სამოქალაქო პირებს გამოსაცდელ პერიოდში არ აქვთ ვალდებულება არმიაში გაწევრიანდნენ. სამოქალაქო პირებს შორის ბევრი ქალია, მათ შორისაა 20 წლის ვალერია, რომელიც ამბობს: „მე ვერასდროს მეცოდინება, ზუსტად თუ რა მოხდება ხვალ. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალინდელი დღე საერთოდ იქნება, ან არ იქნება განსხვავებული 2022 წლის 24 თებერვლისგან. მინიმუმ საბაზისო გამოცდილება, სიტუაციის საბაზისო გაგება ძალიან საჭიროა, როგორც მედიცინის ასევე ტაქტიკის კუთხით… ყველა უნდა მოემზადოს ასე“.
47 წლის რომანი ამბობს, რომ ევროპელებისთვის თითქმის შეუძლებელია სრულად გაიგოს, თუ რას ნიშნავს უკრაინელებისთვის ბოლო სამი წელი. მისივე თქმით, ეს რომ გაიგო, უკრაინაში უნდა იცხოვრო.
„მაგრამ თუკი რეალურად აღვუწერთ ვითარებას, ისინი აუცილებლად გაგვიგებდნენ და ეს ისაა, რაც ახლა ხდება. საზღვარგარეთ ბევრმა გაიგო, რატომ ვიბრძვით. სამწუხაროდ, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს“, – ამბობს რომანი, რომელიც მესამე ცალკეული შემტევი ბრიგადის საწვრთნელი მოედანზე მომზადებას გადის.
მოხალისეთა ნახევარი, ვინც აქ წვრთნა გაიარა, მესამე შემტევ ბრიგადას უკვე შეუერთდა.
