მთავარიევროპაუკრაინააშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, საფრანგეთი უკრაინასთან სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციას გაცვლის

აშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, საფრანგეთი უკრაინასთან სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციას გაცვლის

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის შეჩერდა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, საფრანგეთი კვლავ მიაწვდის უკრაინას საჭირო ინფორმაციას. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ France Inter-ს ხუთშაბათს  განუცხადა.

„ჩვენი დაზვერვა დამოუკიდებელია“, – განაცხადა ლეკორნიუმ – „ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელზე წვდომის უფლებასაც ვაძლევთ  უკრაინას“.

ოთხშაბათს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უკრაინასთან, შეწყვიტა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნაკადი, რომელიც დაეხმარა ქვეყანას რუსული ძალების მოგერიებაში. ინფორმაციის გაზიარება შეწყდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა კიევისთვის სამხედრო დახმარება.

თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერება დროებითია, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა გამოთქვა იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება მალე გაუქმდება, თუ ზელენსკი დადებითად ჩაერთვება აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ცნობილია, რომ აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის სამხედროებს მიეცათ საშუალება, თვალ-ყური ადევნონ რუსული ძალების გადაადგილებას, მიზანში ამოიღონ მათი ობიექტები და შეანელონ მოსკოვის ძალების წინსვლა, საბრძოლო მარაგის ზედმეტი გახარჯვის გარეშე.

უკრაინას ეს ინფორმაცია ასევე სჭირდება აშშ-ის მიერ მიწოდებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისა (HIMARS) და აშშ-ის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACAMS) გამოყენებისას.

საფრანგეთი აჩქარებს დახმარების პაკეტების გადაცემას

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს აშშ-ის გადაწყვეტილება ვაშინგტონსა და კიევს შორის სადაზვერვო ნაკადის შეჩერების შესახებ უკრაინასა და სხვა დასავლელ პარტნიორებს შორის კავშირებზე.

„ვფიქრობ, რომ უფრო რთული იქნება ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც  თანამშრომლობენ  შეერთებულ შტატებთან  სადაზვერვო საკითხებში”, – განაცხადა ლეკორნიუმ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა „ხუთი თვალის” სადაზვერვო ჯგუფი, რომელშიც ასევე შედის კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ოთხშაბათს თავი აარიდა კითხვებს იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთს დაავალა, შეეჩერებინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. მისი თქმით,  ლონდონის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

„მე ყოველთვის ცხადად ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროპამ და უკრაინამ ერთად იმუშაონ. არ უნდა გავაკეთოთ არჩევანი აშშ-სა და ევროპას შორის – ჩვენ ისტორიულად ეს არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა ვაპირებთ”, – დასძინა სტარმერმა.

ლეკორნიუს თქმით, მას პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების შეწყვეტის საპასუხოდ სთხოვა, დაეჩქარებინა საფრანგეთის დახმარების სხვადასხვა პაკეტის უკრაინისთვის გადაცემა.

მან ასევე დაამატა, რომ უკრაინაში გასაგზავნი დახმარება, რომელიც პოლონეთიდან უნდა გასულიყო, შეჩერდა აშშ-ს განცხადების შემდეგ. თუმცა, ლეკორნიუმ დასძინა, რომ უკრაინელებმა სამი წლის განმავლობაში ისწავლეს ამ ომში ბრძოლა. შესაბამისად, იციან, როგორ დააგროვონ მარაგი.

ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მზადაა სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებისთვის. მან ისაუბრა ეტაპებზე, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი.

თუმცა მის პირობებს არ ეთანხმებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ოფიციალური პირები. ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსების იდეა, რომელიც გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend