როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და რა უნდა გააკეთოს კონტინენტმა უკრაინის დასახმარებლად? ამაზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო საგანგებო სამიტზე მსჯელობდა.
მას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდა. მაგიდაზეა ევროპის გადაიარაღების რვაას მილიარდიანი გეგმა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მობილიზება. ევროპელები განიხილავენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივასაც, ევროპისთვის ბირთვული ქოლგის შექმნის შესახებ.
ევროკავშირში არსებობს მინიმუმ 20 სახელმწიფო, რომელიც უკრაინის დახმარების “მსურველთა კოალიციას” უერთდება, თუმცა ისეთებიც, რომლებიც საერთო პოზიციას ეწინააღმდეგებიან.
ამ შემთხვევისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობას დამზღვევი მექანიზმის ამოქმედებაც შეუძლია,თუმცა დეტალები დღეს არ გასაჯაროებულა. თავად უკრაინის პრეზიდენტმა კი რთული ორი კვირის შემდეგ, ევროპელებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღო, რის გამოც მან არაერთხელ თქვა მადლობა.
რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე ევროპელებმა უკრაინას 135 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს.მათგან 48 მილიარდზე მეტი სწორედ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოხმარდა.
მარტის ბოლოს ევროპელი ლიდერები ისევ შეხვდებიან,მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააანონსა,რომ მომდევნო კვირა ვაშინგტონსა და კიევს შორის კონტაქტების განახლების მხრივ მნიშვნელოვანი იქნება.
