უკრაინულმა არმიამ კვლავ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია ფრონტის ხაზზე. დონეცკის ოლქის ცენტრალურ ფლანგზე, პოკროვსკთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლის არმიამ გარკვეული პოზიციები დათმო. არადა, სწორედ პოკროვსკის დაკავებას თვეების განმავლობაში კრემლი უშედეგოდ ცდილობდა.
რუსული არმიისთვის ამ მიმართულების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ როდესაც უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია, კრემლმა პოკროვკის მიმართულებით იერიშები არ შეანელა, პირიქით, სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, რომ მათ ფრონტის ეს ხაზი გააძლიერეს.
პოკროვსკთან უკრაინელების წარმატებული შეტევა რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ რუკაზე ჩანს, რომ უკრაინული არმია სულ მცირე შვიდ მიმართულებაზე მიიწევს წინ.
„დაახლოებით 7-8 თვის განმავლობაში პოკროვსკის მიმართულებას უტევდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 100-დან 120 ათას ჯარისკაცამდე. შედეგი აქვთ კატასტროფულად ცუდი. მათი მიზანი იყო, რომ პოკროვსკის გადაკეტვით ლოგისტიკური ხაზები გაეწყვიტათ უკრაინული ძალებისთვის და ეს გახდებოდა უმნიშვნელოვანესი პრობლემა. თუმცა მათ ეს შედეგი ვერ დადეს.“ – ამბობს სამხედრო მიმომხილველი ოთო კონჯარია.
უკრაინელი სამხედროები წარმატებით უტევენ რამდენიმე თვის წინ რუსების მიერ დაკავებულ პოზიციებს ქალაქ ტორეცკთან, რომელიც ასევე დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზეა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე წერს, რომ ფრონტის ამ ნაწილზე რუსული არმია ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს იყენებს, როგორებიცაა სამოქალაქო ავტომობილები, მოტოციკლები და სხვა. ვრცელდება არაერთი ვიდეომასალაც, რომლებშიც ჩანს, რომ რუსები შეიარაღების გადასატანად ფრონტზე იყენებენ ცხოველებსაც.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი პეტრო ჩერნიკი აღნიშნავს, რომ პოკროვსკის ფლანგზე რუსეთის იერიშების ტემპი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების 49-ე ცალკეული შემტევი ბატალიონის მეთაური ამბობს, რომ იერიშების ტემპის შემცირება გამოწვეულია იმითაც, რომ რუსულ არმიაში სამხედრო ტექნიკის ნაკლებობაა. იმავეს ამბობს სამხედრო საინფორმაციო პორტალ „ალფა სიხშირის“ დამფუძნებელი ოთო კონჯარიაც: „რუსული რეგულარული არმიის უდიდესი ნაწილი არის განადგურებული და დღევანდელი მათი არმია არის მოხალისეებით დაკომპლექტებული.
თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ჯავშანტექნიკის სიმცირეზე ეს უკვე არის შეუვსებელი დანაკარგები… რუსეთს აღარ დარჩა არც მარაგები, არც ახალი ტექნიკის წარმადობა არის იმ მასშტაბით, რომ მათ შეივსონ ეს სასურველ დონეზე. დანაკარგების ეს ტემპი თუ გაგრძელდა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, რუსეთს არტილერიისა და საბრძოლო ტექნიკის იმგვარი დეფიციტი აღმოაჩნდებათ, რომ უბრალოდ შეტევის განხორციელებას ვერ შეძლებენ.“
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ტორეცკის ფლანგზე თავდაცვის ძალებმა ერთ დღეში 21 რუსული იერიში მოიგერიეს. პოკროვსკის ფლანგზე კი -18. წარმატებული იერიშების, ტემპის შესანარჩუნებლად და იმისთვის, რომ კიევმა უკან დაიბრუნოს რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიები, დასავლეთმა უწყვეტად უნდა მიაწოდოს მათ შეიარაღება.