საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 5 მარტს, ევროპის მთავარი სამიტის წინ, ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება „რუსული დიქტატის ქვეშ“ ვერ შედგება.
პრეზიდენტი მაკრონი ამბობს, რომ უკრაინის კაპიტულაცია ან მისი დაშლა ვერც ცეცხლის შეწყვეტას და ვერც მშვიდობას ვერ მოიტანს.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევაში მანამ, სანამ ისინი შეთანხმდებიან რუსეთთან მტკიცე მშვიდობაზე საკუთარი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამიტომაა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ შეიძლება მოიცავდეს უკრაინის მიტოვებას. პირიქით, მშვიდობა ვერ მიიღწევა ყველაფრის ფასად ან რუსული დიქტატის ქვეშ. მშვიდობა ვერ იქნება უკრაინის კაპიტულაცია. ეს ვერ იქნება მისი ნგრევა. ეს არ შეიძლება ნიშნავდეს მყიფე ცეცხლის შეწყვეტას“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ემანუელ მაკრონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უნდა განვითარდეს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განმეორებით ვეღარ შეძლოს.
საფრანგეთის პრეზიდენტი არც ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგებას გამორიცხავს.
„მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინაში კვლავ არ შეიჭრას, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ეს უდავოდ გულისხმობს უკრაინის ჯარების გრძელვადიან მხარდაჭერას. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს ევროპული ჯარების უკრაინაში განლაგებასაც. ისინი არ წავლენ ფრონტზე საომრად, მაგრამ როცა მშვიდობა იქნება მიღწეული, იქნებოდნენ იქ ამ შეთანხმების პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ პროცესში აშშ-ის ჩართულობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. ემანუელ მაკრონი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერს ევროპელ პარტნიორებს, მაგრამ მოუწოდებს ევროპელებს მზად იყვნენ იმისთვისაც, თუ ეს ასე არ იქნება.
„მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები გვერდით დაგვიდგება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება. უკრაინაში მშვიდობა შეიძლება სწრაფად იყოს მიღწეული, ან არა, მაგრამ ევროპულმა სახელმწიფოებმა, რუსული საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც მე ახლა აღვწერე, საკუთარი თავის დაცვა და მომავალი აგრესიის შეჩერება უნდა შეძლონ. დიახ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უკეთ უნდა აღვიჭურვოთ“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ემანუელ მაკრონმა ისაუბრა ბირთვულ იარაღზე, როგორც რუსული აგრესიის შეკავების საშუალებაზე. საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა.
დაგეგმილ სამიტზე ევროპელი ლიდერები ბირთვული შეკავების საკითხის განხილვას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება ეს სამიტი, ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება კვლავ მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ხელში დარჩება.
„ჩვენი ბირთვული იარაღი გვიცავს ჩვენ. ეს შეკავება სრულფასოვანი, სუვერენული და ფრანგულია. 1964 წლიდან მოყოლებული ის აშკარა როლს თამაშობს ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. გერმანიის მომავალი კანცლერის მოწოდების საპასუხოდ, გადავწყვიტე, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან სტრატეგიული დიალოგისადმი ღია ვიყო, ევროპის კონტინენტზე ჩვენი ბირთვული შეკავების კონცეფციის გავრცელების თაობაზე. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილების მიღების უფლება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების მეთაურის ხელში“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ემანუელ მაკრონმა ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილებაზე – 25%-იანი ტარიფები დააწესოს ევროკავშირის საქონელზე და აღნიშნა, რომ დაარწმუნებს, ეს არ გააკეთოს.
„ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გაუგებარი იქნება როგორც აშშ-ის ეკონომიკისთვის, ასევე ჩვენთვის, შედეგები ექნება ჩვენ ზოგიერთ ინდუსტრიაზე. ეს ბევრ რამეს გაართულებს, მაგრამ უპასუხოდ არ დარჩება. ასე რომ, სანამ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ერთად პასუხისთვის ვემზადებით, გავაგრძელებთ იმას, რაც ორი კვირის წინ გავაკეთე. ყველაფერს ვიზამთ, რათა დავარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება ყველას დაგვაზარალებს. დიახ, ვიმედოვნებ დავარწმუნებ და გადავაფიქრებინებ ამას აშშ-ის პრეზიდენტს“, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
6 მარტს ევროპელი ლიდერები ბრიუსელში უკრაინის მხარდაჭერისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად სამიტს გამართავენ.