5 მარტს კონგრესში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა საგარეო ხარჯზე ისაუბრა და მათ ნაწილს „გამოუსადეგარი ფლანგვა“ უწოდა.
ამ კონტექსტში თეთრი სახლის მეთაურმა ლესოტოც ახსენა, სადაც დონალდ ტრამპის თქმით, ლგბტქ+ თემის გაძლიერებისთვის აშშ-მ 8 მილიონი დოლარი დახარჯა. ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, ეს ქვეყნის ბიუჯეტის ფლანგვის ერთ-ერთი მაგალითია, მითუმეტეს მაშინ, როცა ლესოტოს შესახებ არავის არასდროს არაფერი სმენია.

პრეზიდენტ ტრამპის ნათქვამს ლესოტოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ განცხადებით ის შოკირებული და შეურაცხყოფილია და დონალდ ტრამპს ქვეყანაში სტუმრად იწვევს.
ლესოტოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის, ლეჟონ მპოტჟოანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია ნამდვილად მუშაობდა ლგბტქ+ თემის გაძლიერებაზე, მაგრამ ვაშინგტონი ლესოტოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორების მნიშვნელოვან დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამერიკული დახმარების მოულოდნელი შეწყვეტა ლესოტოს ჯანდაცვის სფეროზე უკვე აისახა, თუმცა, მისივე თქმით, ამ გარემოებას ქვეყნის ხელისუფლებაც და მოსახლეობაც უნდა გაუმკლავდეს.