სერგეი ლავროვი “სულელურ” ბრალდებებს უწოდებს ემანუელ მაკრონის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი ომისთვის ემზადება.
”ამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, სულელურ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსეთი ემზადება ომისთვის ევროპისა და საფრანგეთის წინააღმდეგ, პუტინს არაერთხელ უსაუბრია და ამ ყველაფერს სისულელეს უწოდებდა. მაგრამ, ალბათ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად გონიერი ადამიანისთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთს ეს არაფერში სჭირდება“.
მისივე თქმით, ემანუელ მაკრონის განცხადებები საფრთხეს ქმნის რუსეთისთვის.
“თუ ის იწვევს ევროპის ქვეყნებისა და ბრიტანეთის გენერალური შტაბის შეხვედრას, თუ ამბობს, რომ აუცილებელია ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად მომზადება – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საფრთხეა“, – განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე ისაუბრა ევროპული სამშვიდობოების განლაგებაზე უკრაინაში.
„ევროპელი სამშვიდობოების განლაგება უკრაინაში ნიშნავს, არა ვითომ ჰიბრიდულ, არამედ ნატოს ქვეყნების პირდაპირ, ოფიციალურ, დაუფარავ ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ ომში. ამის დაშვება არ შეიძლება. და ეს ყველაფერი თან ხდება მაკრონის გუშინდელი ნერვიული განცხადების ფონზე, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს… თუ რუსეთი საფრთხეა, მაშინ ჯარებს ამ საფრთხის წინააღმდეგ გზავნიან“.