საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩენილი NASA-ს ორი ასტრონავტი რამდენიმე კვირაში დედამიწაზე დაბრუნდება. ახლა ბაჩ უილმორი და სუნი უილიამსი, რომლებიც კოსმოსში უკვე 9 თვეა, იმყოფებიან, შემცვლელ ასტორნავტებს ელიან. ისინი დედამიწაზე SpaceX-ის ხომალდით დაბრუნდებიან.
„ივლისსა და აგვისტოში გადაწყვეტილებების სერია მივიღეთ, რომ ბალანსი გვეპოვა ბაჩისა და სუნის უსაფრთხო დაბრუნებასა და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მისიის გაგრძელებას შორის. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება CREW 9-ის მისიის მოდიფიცირება გახდა. შესაბამისად, სექტემბრის ბოლოს, მე და ალექსი ორკაციანი ეკიპაჟითა და ორი ცარიელი ადგილით კოსმოსურ სადგურზე წამოვედით, ბაჩსა და სუნის CREW 9-სთან ადაპტაციის სწრაფად გავლაში დავეხმარეთ და შემდგომ გავაგრძელეთ მუშაობა CREW 9-ის გეგმის შესრულებაზე, რომელიც ექსპედიცია 72-ის ნაწილია”, – ამბობს ასტრონავტი ნიკ ჰეიგი, რომელიც CREW 9-ის ფარგლებში კოსმოსურ სადგურზე ჩავიდა.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ასტრონავტები უილმორი და უილიამსი, კოსმოსში სულ რამდენიმე დღით უნდა წასულიყვნენ, როდესაც 2024 წლის ივნისში ისინი Boeing-ის ახალი ხომალდის Starliner-ის კაფსულით კოსმოსში გაემგზავრნენ. თუმცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისასვლელად Starliner-ს იმდენი პრობლემა შეექმნა, რომ NASA-ში გადაწყვიტეს, იმავე ხომალდით დედამიწაზე დაბრუნება საშიში იყო და დიდ რისკებს მოიცავდა. შესაბამისად, ხომალდი დედამიწაზე ცარიელი დაბრუნდა, ხოლო ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე დარჩნენ. როგორც თავად ამბობენ, ამ დროის განმავლობაში ყველაზე რთული ოჯახისგან დიდხნიანი განშორება იყო.
„მუდამ ჩვენი ოჯახის წევრებსა და იმ ხალხზე ვფიქრობთ, რომლებიც დედამიწიდან გვამხნევებენ. შეიძლება ამ ყველაფერზე ისინი უფრო ღელავდნენ, ვიდრე ჩვენ. აქ ჩვენ, ჩვენი მისია გვაქვს და ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. აქ ყოველი დღე საინტერესოა, რადგან ჩვენ კოსმოსში ვართ და ძალიან სახალისოა. ჩემი აზრით, ყველაზე რთული ის არის, როდესაც დედამიწაზე ხარ და არ იცი, შენი ნათესავები როდის დაბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ CREW 9-თან ერთად დავბრუნდებით, თუმცა დანამდვილებით როდის, არ ვიცით. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ყველაზე რთული“, – ამბობს სუნი უილიამსი.
უილმორის თქმით, პოლიტიკას მისი და უილიამსის დაბრუნების მისიაზე უარყოფითი გავლენა არ ჰოქნია. პირიქით SpaceX-ის კაფსულის წყალობით მათი დაბრუნება რამდენიმე კვირით დაჩქარდა. SpaceX-ის დამფუძნებლმა ილონ მასკმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადეს, რომ მათ ასტრონავტების დაბრუნების მისიის დაჩქარება სურდათ და მომხდარში პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულეს.
თუმცა ასტრონავტი უილიამსი ილონ მასკის ბოლო მოწოდებას არ ეთანხმება, რომლის თანახმადაც, ილონ მასკს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიტოვება ორ წელიწადში სურს. უილიამსის თქმით, კოსმოსურ სადგურზე მნიშნველოვანი სამეცნიერო კვლევენო ტარდებდა და ამ მისიის ახლა შეწყვეტა მიზანშეწონილი არ არის. მას მიაჩნია, რომ კვლევები 2030 წლამდე უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს NASA-ს თავდაპირველ გეგმაში იყო.
