კატეგორიები

კანადა ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფებს აწესებს

კანადა ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფებს აწესებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს „სულელურს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კანადასთან სავაჭრო ომს იწყებს.

ჯასტინ ტრუდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანადა ამერიკულ პროდუქციაზე 100 მილიარდზე მეტი ღირებულების ტარიფებს დააწესებს, რადგან ტრამპმა კანადური იმპორტისთვის 25%-იანი გადასახადი შემოიღო.

დონალდ ტრამპმა ტარიფები დაუწესა ვაშინგტონის სამ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს – კანადას, მექსიკასა და ჩინეთს, რასაც მათი მხრიდან მაშინვე მოჰყვა საპასუხო ზომები. შედეგად, ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობა შეიქმნა. ტრამპმა მექსიკურ და კანადურ იმპორტზე 25%-იანი გადასახადი დააწესა, თუმცა კანადის ენერგეტიკაზე შეზღუდვა 10%-მდე შეამსუბუქა.

„დღეს მძიმე დღეა ონტარიოსა და კანადისთვის, ისევე როგორც მძიმე დღეა შეერთებული შტატებისთვის. რადგან ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ტარიფები კანადას დააზარალებს. თუმცა, დაზარალდებიან ამერიკელებიც.  ფედერალური მთავრობის ძალისხმევის მხარდასაჭერად ონტარიო აშშ-ის საპასუხოდ იღებს შესაბამის ზომებს. დღეიდან, LCBO – მსოფლიოს უმსხვილესი ალკოჰოლის შესყიდვის ქსელი – ამოიღებს ამერიკულ პროდუქციას თავისი მაღაზიების თაროებიდან. LCBO-ს კატალოგში ამერიკული ბრენდები აღარ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს, რომ პროვინციის სხვა საცალო ვაჭრობები, ბარები და რესტორნები ვეღარ შეავსებენ ამერიკული პროდუქტების მარაგს”, განაცხადა ონტარიოს პრემიერ-მინისტრმა.

ტრამპის მუქარა კანადის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ქვეყანაში უკმაყოფილებას იწვევს.

„შეერთებული შტატებიდან კანადაში შემოდის იარაღი, ნარკოტიკები, ასევე შემოდიან არალეგალური მიგრანტები. ჩვენ არასდროს დაგვიწესებია ამერიკელებისთვის ტარიფები ამის გამო. თუ პრეზიდენტი ტრამპი ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს, მე ამას დავუჭერდი მხარს, მაგრამ არა ტრამპის გამო – ამას კანადელებისთვის გავაკეთებდი, რათა არც ერთ დედას აღარ დაუკაკუნოს კარზე პოლიციელმა და აღარ უთხრას, რომ  მისი შვილი უკანა ეზოში ნარკოტიკებისგან გარდაიცვალა. ჩვენ არასდროს ვიქნებით აშშ-ის 51-ე შტატი. ჩვენ ვიქნებით თვითკმარი, სუვერენული ქვეყანა და მყარად ვიდგებით  ფეხზე. ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა და მე ყოველთვის დავიცავ ჩვენს დროშასა და ჩვენს ხალხს”, – განაცხადა კანადის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა პიერ პუალიევრმა.

ონტარიოს პრემიერ-მინისტრი დაგ ფორდი აცხადებს, რომ აშშ-ში გაყიდულ ელექტროენერგიაზე 25%-იან გადასახადს დააწესებს და შესაძლოა მომარაგება სრულადაც შეწყვიტოს, თუ ამერიკული ტარიფები ძალაში დარჩება. 2023 წელს ონტარიომ აშშ-ის სამ შტატში – მიჩიგანში, ნიუ-იორკსა და მინესოტაში – 1.5 მილიონი სახლი მოამარაგა ელექტროენერგიით.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები