აშშ-ის ტარიფების ამოქმედებიდან ერთი კვირით ადრე, სამშაბათს, 4 მარტს, ევროკომისიამ ფოლადის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით სექტორის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები დაიწყო. ამ შეხვედრების მიზანია, გაზარდოს კონკურენტუნარიანობა და რთულ მდგომარეობაში მყოფი სექტორის პრობლემების აღმოფხვრა.
ევროკომისიის სპიკერი ლეა ზუბერი ამბობს, რომ ევროკავშირი განიხილავს ენერგიის ფასების შემცირებას. ისინი გაარკვევენ, შესაძლებელია თუ არა რაიმე დამატებითი ზომების გატარება. მისი თქმით, აქცენტი ასევე კეთდება სუფთა ფოლადის ბაზრების შექმნასა და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ, გააძლიერონ წარმოება სახელმწიფო შესყიდვების გზით, ასევე ფოლადზე ე.წ. მწვანე ეტიკეტების დაკვრით, რათა მწარმოებლებმა მიიღონ სარგებელი თავიანთი ინვესტიციებიდან.
ეს სერიოზული გამოწვევაა. ევროპული ფოლადის ინდუსტრია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ენერგოხარჯების ზრდისა და ჩინეთში ჭარბი წარმოების პირობებში, რაც საბოლოოდ ფასებს ამცირებს. გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულმა 25%-იანმა ტარიფმა, რომელიც ძალაში 12 მარტს შევა, შეიძლება სერიოზული დარტყმა მიაყენოს ისედაც მყიფე სექტორს.
კომპანია EUROFER-ის გენერალური დირექტორი აქსელ ეგერტი ამბობს, რომ საუბარია არა მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად თითქმის 4 მილიონი ტონა ფოლადის ექსპორტზე, არამედ აშშ-ში 27 მილიონი ტონა ფოლადის იმპორტზეც, რომელიც, გარკვეულწილად, ღია ბაზრებზე წავა. ევროპა პირველი დანიშნულების ადგილია. შესაბამისად, ელიან ფოლადის იმპორტის კიდევ ერთ ტალღას, რომელიც დაანგრევს მათ ინდუსტრიას, სამუშაო ადგილებს, შესაძლებლობებსა და ღირებულებებს ევროპაში.
ევროპულ სამშენებლო საყრდენს, ევროპული ფოლადის ინდუსტრიას, დაახლოებით 500 საწარმოო ობიექტი აქვს 22 წევრ ქვეყანაში. მას ევროკავშირის მთლიან შიდაპროდუქტში 80 მილიარდი ევრო შეაქვს და 2,5 მილიონი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს. ის ასევე არის ევროკავშირის სხვა კრიტიკული ეკონომიკური სექტორების ხერხემალი, როგორებიცაა საავტომობილო ინდუსტრია, ენერგეტიკა და თავდაცვის მრეწველობა. კურსი დადგენილია. ევროკომისია ფოლადთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას, სავარაუდოდ, 19 მარტს წარადგენს.