კატეგორიები

დამთბარი ტონი კიევსა და ვაშინგტონს შორის – მხარეები კიდევ ერთხელ ეცდებიან შეთანხმებას

დამთბარი ტონი კიევსა და ვაშინგტონს შორის – მხარეები კიდევ ერთხელ ეცდებიან შეთანხმებას
ბოდიში არ ყოფილა, თუმცა რაც იყო ვაშინგტონის გულის მოსაგებად საკმარისი გამოდგა.

კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლამ გააჩინა განცდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ, მორიგი შეხვედრა შედგება. განცდა მალე ინფორმაციითაც გამყარდა.

ელისეს სასახლეში თქვეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ჩაფრენას განიხილავენ.

“ჩვენ კმაყოფილები ვართ უკრაინასა და აშშ-ს შორის საუბრების განახლებით. სცენამ, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ მსოფლიოში ყველა გაგვაოგნა. ეს დაუჯერებელი იყო. კარგია, რომ შესაბამისი დიალოგის აღდგენა შესაძლებელია, და ამ მხრივ მივესალმებით ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაწვდილ ხელს. ეს არაა დროის მოგების მცდელობა,არამედ ვსაუბრობთ ხანგრძლივი და მყარი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობაზე.ნათელია,რომ დიალოგი მყარდება და ეს კეთდება სწორედ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ყველა პირობა უნდა იყოს მყარი და უნდა ქმნიდეს განგრძობადი მშვიდობისთვის შესაძლებლობებს.  ამ მხრივ გამოთქმულ პოზიციებში ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის მხარში ვუდგავართ. პრეზიდენტი მაკრონის მიერ შეთავაზებული მშვიდობა – ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტაზე – შესაძლებლად გამოიყურება. ჩვენ ვართ დიალოგის გზაზე “, -აღნიშნა სოფი პრიმასმა,საფრანგეთის მთავრობის პრეს-სპიკერმა.

მანამდე კი იყო საჯარო წერილი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრ სახლში პარასკევს გამართულ ხმაურიან შეხვედრას დასანანი უწოდა და თქვა,რომ დროა ეს გამოსწორდეს. ეს კი მას შემდეგ,რაც ამერიკამ ომში მყოფ ქვეყანას სამხედრო დახმარება, მასთან ერთად კი CIA-ს  ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებაც შეუჩერა, – იმ მიზნით, რომ კიევი გადაწყვეტილებებში დაეჩქარებინა.

„დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტი ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად რაც შეიძლება მალე, რათა გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რადგან არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. მან თქვა, რომ ის და მისი გუნდი მზადაა იმუშაოს დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის ქვეშ, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა. მისი თქმით, ისინი აფასებენ ყველაფერს, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა და შეინარჩუნა მისი სუვერენიტეტი. წერილში წერია, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი მინერალების შესახებ შეთანხმებას. ვაფასებ, რომ ეს წერილი გამომიგზავნა. ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსია რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი გზავნილი, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. დროა ეს სიგიჟე დამთავრდეს, დასრულდეს ადამიანების მკვლელობები და უაზრო ომი. და თუ ომის დასრულება გინდა – უნდა ესაუბრო ორივე მხარეს”, -თქვა დონალდ ტრამპმა მის პირველ მოსმენაზე კონგრესში.

ორივე მხარესთან საუბრის ინიცირებაში აშშ-ის პრეზიდენტს ბევრი უჭერს მხარს. თუმცა იმაში არა, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები დათმოს. მითუმეტეს,რომ დათმობების სურვილი არ იკითხება მოსკოვის გზავნილებში.დღეს მოსკოვში ითქვა,რომ დონეცკში, ლუგანსკში  ხერსონისა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანებისთვის   რუსული პასპორტების გადაცემის პროცესი დასრულდა. საუბარია 3.5 მილიონ ადამიანზე. მეტიც, ვლადიმერ პუტინს ომი, მისი სიტყვებით კი “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნების მიღწევაზე მუშაობა გრძელდება..

“ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ფრონტის ხაზზე თუ სხვაგან უნდა ექვემდებარებოდეს ერთ ლოგიკასა და მიზანს : გამარჯვებას! ჩვენს წინაშე დაყენებული მიზნების მიღწევას, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და რუსეთის მომავლის უზრუნველყოფას”, -მიმართა პუტინმა სამართალდამცველებს.

სწორედ ამ სიტყვების გამოა, რომ კიევს მოსკოვის სამშვიდობო განწყობების არ სჯერა. უკრაინის პრეზიდენტს სურს ამის ნიშნები დაინახოს, იქნება ეს პატიმრების გაცვლითა თუ ცეცხლის შეწყვეტით ჰაერსა და ზღვაში.

გრძელ მანძილზე მოქმედი დრონების, რაკეტებისა და ბომბების გამოყენების შეწყვეტით უკრაინის ენერგეტიკულ თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მიუხედავად იმისა, რომ კიევი ომში გაძლიერდა და  სამხედრო ინდუსტრიაც აამუშავა, უცვლელი რჩება აშშ-ზე მისი დამოკიდებულება.

აქ ესმით, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. ამიტომ ემოციებს გვერდით დებენ და მკაფიო პასუხები აინტერესებთ იმაზე, თუ რა გეგმა აქვთ ვაშინგტონში.

“დღეს ბევრ ადამიანს აქვს შეკითხვა, თუ რა მოხდება აშშ-ის დახმარებასთან დაკავშირებით მომავალში. მე დავავალე უკრაინის თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებსა და დიპლომატებს ამერიკელ პარტნიორებთან კონტაქტზე გასვლა და ინფორმაციის მიღება. ადამიანებს არ უნდა უწევდეთ ამის გამოცნობა. უკრაინა და ამერიკა იმსახურებენ პატივსაცემად დიალოგისას და ნათელ პოზიციებს ერთმანეთისგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის დაცვას ფართომასშტაბიანი ომის დროს.

უკრაინა კვირების წინ იღებდა სიგნალებს და უკვე გვქონია კიდეც დახმარების შეჩერების პრეცედენტი. იყო ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება, ენერგეტიკული დახმარების. ვნახეთ სამხედრო დახმარების შეჩერებაც, თუმცა ისინი მალევე აღდგა. 2022 წელი აღარაა. ჩვენი წინააღმდეგობა უფრო ძლიერია. ჩვენი მიზანია დავიცვათ თავი.

თუმცა ჩვენთვის ნორმალური, პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ამერიკასთან აუცილებელია რათა ომი რეალურად დავასრულოთ. არავის სურს დაუსრულებელი ომი.ეს მთელ ევროპას ეხება.ჩვენ გვსურს კონსტრუქციული თანამშრომლობა. პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.

შეგვიძლია, მხოლოდ ვინანოთ,ის თუ რაც მოხდა თეთრ სახლში, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ძალა რომ გავაგრძელოთ,პატივი ვცეთ ერთმანეთს ,ისე როგორც აქამდე ვცემდით პატივს ამერიკა, ევროპა, და ჩვენი სხვა პარტნიორები, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ერთად,რათა მოვაახლოოთ მშვიდობა. რუსეთს არ შეუცვლია მისი პოზიცია და მოთხოვნები უკრაინასთან დაკავშირებით.ისინი გააგრძელებენ ჩვენი ჯარის შემცირების, ჩვენი ტერიტორიების კანონიერი გამოყოფის, უკრაინის კონსტიტუციის შესუსტების მოთხოვნას. მაგრამ ვიდრე აქ ვართ,ის წარმატებას ვერ მიაღწევს”, -თქვა მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ზელენსკის კითხვებს ნაწილობრივ პასუხი გასცა,როდესაც აღნიშნა,რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესთან ერთად სამხედრო დახმარების ბლოკადა შესაძლოა მოიხსნას.რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბევრის ვარაუდს, რომ ვაშინგტონმა ეს ზომა დროებით აამოქმედა. სანამ ეს მოხდება უკრაინას ძლიერი მხარდაჭერა აქვს ევროპული სახელმწიფოებისგან. გადაიარაღების გეგმა,რომელიც ბრიუსელმა გუშინ დააანონსა და ხვალ განიხილავს – 800-ი მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს არა მხოლოდ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, არამედ ამ კონტინენტის განუყოფელი ნაწილის, უკრაინის მხარდაჭერისთვისაც. ევროპელებმა 6 მარტის შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიც მოიწვიეს.

“თავდაცვის ხარჯების ზრდა ჩვენი ვალდებულებაა, ამასთან ეს იქნება სარგებლიანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც. ჩვენი მხრიდან ვაკეთებთ ყველაფერს,რათა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ხანგრძლივი მშვიდობისთვის. რეგულარულ კონტაქტზე ვარ საკვანძო მოთამაშეებთან. დონალდ ტრამპთან ერთად ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები. შეხვედრის შემდეგ მე პრეზიდენტს ტრამპს ტელეფონით სამჯერ ვესაუბრე, მათთან მუშაობა მნიშვნელოვანია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა ევროპა და აშშ-ი ერთად დგანან, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ არ უნდა გვიწევდეს არჩევანის გაკეთება აშშ-სა და ევროპას შორის.ეს ისტორიულადაც არ მომხდარა და რაც ახლა მოხდება. ჩვენი მიზანი ხანგრძლივი მშვიდობაა, ეს კარგია უკრაინისთვის, ევროპისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთისთვის”, – თქვა კირ სტარმერიმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა შეკითხვას ითხოვდა თუ არა  ვაშინგტონი ლონდონისგან უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერებას. ლონდონმა წესებს უერთგულა და  დაზვერვასთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია.

უკრაინისთვის ამ ინფორმაციული წყაროს შეჩერება შესაძლოა ფატალური გამოდგეს,რადგან ქვეყანაში ომი აქტიურ ფაზაშია. საპორტო ქალაქი ოდესა და პავლოჰრადი დღეს მორიგ ჯერზე გახდა რუსული დარტყმის სამიზნე – 181 დრონით. დარტყმებს მოჰყვა მსხვერპლი.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები