არაბული ქვეყნების ლიდერებმა, დონალდ ტრამპის გეგმის საპირწონედ, რომელიც ღაზიდან პალესტინელების გაყვანასა და მის რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, მხარი დაუჭირეს ეგვიპტის წინადადებას, რომელიც ღაზის აღდგენას უკავშირდება. 53 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმა, რომელიც ლიდერებმა კაიროში გამართულ სამიტზე მიიღეს, საშუალებას მისცემს ღაზის დაახლოებით 2 მილიონ მოსახლეს, დარჩეს ტერიტორიაზე.

არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივანი აჰმედ აბულ გეიტი ამბობს, რომ გეგმა მიზნად ისახავს ღაზის რეკონსტრუქციას კონკრეტულ ეტაპებზე. მისი თქმით, არსებობს არაბული და საერთაშორისო ფონდების მობილიზების საშუალებები და ჩარჩო, რომელიც შეინარჩუნებს ღაზის, როგორც პალესტინის მომავალი სახელმწიფოს, სამართლებრივ მდგომარეობას, დასავლეთ სანაპიროსთან ერთად.
„ჰამასი“ ეთანხმება გეგმას და დადებითად აფასებს არაბული ქვეყნების მტკიცე პოზიციას, რომ პალესტინელების ღაზიდან და დასავლეთ სანაპიროდან განსახლება დაუშვებელია. ეგვიპტის გეგმა ითვალისწინებს 2030 წლისთვის ღაზის აღდგენას მოსახლეობის გაყვანის გარეშე. პირველი ეტაპი მოითხოვს აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ამოღებასა და ისრაელის დაბომბვისა და სამხედრო შეტევებისას დანგრეული შენობების ნაწილების გატანას.
