კატეგორიები

უკრაინის თავდაცვა ამერიკული იარაღის გარეშე

უკრაინის თავდაცვა ამერიკული იარაღის გარეშე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 65 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ამერიკული დახმარება ისეთი შეიარაღების მიწოდებას გულისხმობდა, როგორებიცაა, მაგალითად, საჰაერო თავდაცვის საშუალებები – პატრიოტის სისტემები;  „ნასამსის“ სისტემები, საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, 3000-ზე მეტი საზენიტო რაკეტა „სტინგერი“; სხვადასხვა დანიშნულების რადარი, მობილური საარტილერიო სისტემები – „ჰაიმარსები“ და მისი საბრძოლო მასალები; 200-ზე მეტი 155-მილიმეტრიანი „ჰაუბიცა“ 3 მილიონი ჭურვით, ნაღმმტყორცნები, „აბრამსის“ ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, 3000-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, გადასატანი ხიდები, ვერტმფრენები, უპილოტო საფრენი აპარატები და ასე შემდეგ. ჩამონათვალი ვრცელია.

ახლა კი, როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ დახმარებას აჩერებს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის პროფესორი ალკოლმ ჩალმერსი ამბობს: „უკრაინა სულ უფრო აქტიურად აწარმოებს საკუთარ იარაღს, მას აქვს ძალიან დიდი და მზარდი თავდაცვითი ინდუსტრია, რომლის ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება, დასავლური თავდაცვის კომპანიებთან თანამშრომლობით. სავარაუდოდ, იარაღის ნახევარს, რასაც ახლა უკრაინა იყენებს, მისივე თავდაცვის ინდუსტრიიდან მიეწოდება. დანარჩენი კი, ნაწილდება აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე. არის შეიარაღება, რის გამოც უკრაინელები საკმაოდ დამოკიდებულნი არიან ამერიკელებზე“.

სამხედრო მიმომხილველთა აზრით, ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება უკრაინის არმიაში შეიარაღების დეფიციტს გაზრდის.

თუკი დრონებით თავდასხმა, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა, ავიაციის გამოყენება მკვეთრად გაიზრდება რუსული მხრიდან, მაგალითად, საზენიტო რაკეტების ხარჯიც, თუკი სახმელეთო იერიშები რომელიმე მიმართულებაზე მოიმატებს, შესაბამისად, საარტილერიო ჭურვების ხარჯი გაეზრდებათ და პრობლემები იმაზე უფრო ადრე დადგება ბრძოლის ველზე, ვიდრე მოსალოდნელია“, ამბობს სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის რადაში დახურულ სხდომაზე განიხილავენ იმ სავარაუდო სცენარებს, რომლებიც  აშშ-ის მიერ სამხედრო დახმარების შეჩერებას მოჰყვება. რადას თავდაცვის კომიტეტის წევრის, ფიოდირ ვენისლავსკის თქმით, უკრაინას სამხედრო მარაგი 6 თვის განმავლობაში ეყოფა – იმ შემთხვევაში თუკი შეჩერდება აშშ-დან სისტემური მხარდაჭერა. მისივე განცხადებით, სიტუაცია რთულდება და ოფიციალური კიევი იარაღის მიწოდების ალტერნატიულ გზებს უკვე ეძებს. სამხედრო დახმარების შეწყვეტა მტკივნეულია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვისაც.

სამხედრო მიმომხილველთა აზრით, უსაფრთხოების კუთხით  დახმარების დივერსიფიკაცია შესაძლებელია. ევროპული ანალოგებით გარკვეული ტიპის ამერიკული შეიარაღების ჩანაცვლება რეალურია. განსაკუთრებით, თუკი საუბარია საარტილერიო ჭურვებზე, რომლებიც რუსული ცოცხალი ძალის შესაჩერებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. თუმცა, სამხედრო მიმომხილველები ასევე მიიჩნევენ, რომ დრო არ უნდა დაიკარგოს. ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა იკლებს. თუმცა გაზაფხულიდან, როდესაც ფრონტზე იერიშების ტემპი მოიმატებს, უკრაინას სამხედრო რესურსები აქტიურად დასჭირდება. როგორ ისარგებლებს ამით კრემლის მმართველი პუტინი, სწორედ ამ დროს გამოჩნდება, თუკი მანამდე ტრამპის გეგმით ცეცხლი არ შეწყდა და კრემლის დასახული მიზანი – უკრაინის ანექსია კვლავაც ძალაში დატოვა ვლადიმერ პუტინმა.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები