აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინისა და ტარიფების დაწესების შესახებ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სურვილს – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებას და აღნიშნა, რომ შეთანხმების მისაღწევად უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს.
მისივე თქმით, თუ არსებობს ადამიანი, ვისაც შეთანხმება არ სურს, უკრაინელები მას დიდხანს არ მოუსმენენ.
“ვფიქრობ, ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. საჭიროა შეთანხმება რუსეთთან და საჭიროა შეთანხმება უკრაინასთან. აგრეთვე, საჭირო იქნება ევროპული ქვეყნების თანხმობაც, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია. ყველა ოთახში უნდა შევიდეს და ჩვენ უნდა მოვახერხოთ შეთანხმება, რომელიც შესაძლებელია ძალიან სწრაფად მოხდეს. შეთანხმების მიღწება არც ისე რთული არ უნდა იყოს. ახლა შესაძლოა ვიღაცას არ სურდეს გარიგების დადება და თუ ვინმეს მართლაც არ სურს, ვფიქრობ, ეს ადამიანი დიდხანს არ იქნება ჩვენ გარშემო. ამ ადამიანს დიდხანს არ მოუსმენენ, რადგან მჯერა, რომ რუსეთს შეთანხმების მიღწევა სურს. მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს გარიგების დადება სურს, მათ სხვებზე მეტად განიცადეს და დაიტანჯნენ“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის დროსაც რუსეთთმა ვერაფერი მიიღო.
„თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო. პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს ლამაზი, დიდი ნაკვეთი, სადაც მათ აქვთ წყალქვეშა ნავების ბაზა. თქვენ ეს იცით, არა? ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ არაფერი მიუღიათ და პრეზიდენტ ბაიდენის დროს ისინი ცდილობდნენ ყველაფერი მიეღოთ. ისინი ცდილობდნენ მთელი უკრაინის მოპოვებას. მე რომ არ მოვსულიყავი, ისინი ყველაფერს მიიღებდნენ. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დაუბრუნდით ბუშს, დაუბრუნდით ობამას და დაუბრუნდით ბაიდენს – ამ ქვეყნებმა ბევრი მიიღეს. ერთადერთი რაც ვერ მიიღეს, იცით რა არის? იცით რა მივეცი? მე მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მივეცი. მე რუსეთს სანქციები დავუწესე. მე მათ ჯაველინები მივეცი“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
მანვე დაადასტურა, რომ კანადასა და მექსიკას 25%-იან ტარიფებს უწესებს და მათ ქარხნების აშშ-ში გადმოტანა მოუწევთ.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩიპების ინდუსტრიის განვითარებისთვის ვაშინგტონი 100 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
„ტარიფები, როგორც მოგეხსენებათ, ძალაში შევა ერთი კვირით ადრე, ვიდრე საპასუხო ტარიფები, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე გააქტიურდება. საპასუხო ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა და მინდოდა, რომ ეს პირველ აპრილს გამეკეთებინა. თუმცა ეს არ მინდოდა, რადგან ეს ძვირი დამიჯდება, ამიტომ ამას 2 აპრილს გავაკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია 25%-იანი ტარიფები კანადასა და მექსიკაზე, რაც ხვალ მოხდება. ასე რომ, რაც მათ უნდა გააკეთონ ისაა, რომ ააშენონ თავიანთი მანქანების ქარხნები და სხვა რამ შეერთებულ შტატებში, ამ შემთხვევაში ტარიფების გადახდა არ მოუწევთ. სწორედ ამას აკეთებს ტაივანიც აქ მშენებლობით. ტაივანში რომ ჰქონოდათ ქარხნები, მათაც მოუწევდათ 25, 30 ან 50%-იანი ტარიფების გადახდა. რიცხვები მხოლოდ მაღლა წავა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპი 4 მარტს კონგრესს სიტყვით მიმართავს. მანამდე სოციალურ ქსელ Truth Social-ზე მან განაცხადა, რომ “ხვალ დიდი დღე იქნება”. ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე ისაუბრებს აშშ-ის პრეზიდენტი.
