ღაზის სექტორში პალესტინელები შეშფოთებული არიან ისრაელის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით, შეჩერდა საკვების და სხვა საქონლის შეტანა ომით დაზარალებულ რეგიონში, სადაც 15 თვეზე მეტი ადამიანებს ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება.
ისრაელმა ამის შესახებ რამადანის დაწყებისას და ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება გაიზარდა, რამაც პალესტილების რთული მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქა.
თუმცა, გაეროსა და სხვა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების თქმით, ეს არ არის საკმარისი, თუ იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბებს გავითვალისწინებთ. ისინი აკრიტიკებენ ისრაელის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს დახმარებისა და საქონლის მიწოდება ღაზის სექტორში.
ღაზის 2 მილიონზე მეტი მოსახლე ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.

„ჰამასმა“ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის ჩაშლის მცდელობაში დასდო ბრალი და დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას “ომის დანაშაული” და “აშკარა თავდასხმა” უწოდა.
შუამავლებმა ეგვიპტემ და კატარმა ისრაელი შეთანხმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასა და შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულეს
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების ხელმძღვანელი, ტომ ფლეტჩერი, ისრაელის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. მისი თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ დახმარების შეტანა არ უნდა შეფერხდეს.

ომმა, რომელიც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე მიტანილმა თავდასხმამ გამოიწვია, ღაზის მოსახლეობის უმეტესობა – 2 მილიონზე მეტი ადამიანი – საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებული გახადა.
19 იანვრიდან, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 600-ამდე მანქანა შედიოდა ღაზაში, რაც ღაზაში არსებულ მდგომარეობას ოდნავ მაინც ამსუბუქებდა.
