შეთანხმება ვერ შედგა. აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის დაძაბული საუბრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა. პრეზიდენტებმა შეხვედრა პოზიტიური განცხადებებით დაიწყეს, თუმცა რუსეთის შეკავებასა და ტერიტორიულ კომპრომისებზე საუბრისას ვითარება ოვალურ კაბინეტში დაიძაბა.
დისკუსიაში ჩაერთო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, რომელმაც სტუმარს უმადური უწოდა – „დათანხმდი შეთანხმებას, ან პროცესიდან გავდივართ” – ასე ჟღერდა თეთრი სახლის პოზიცია. კიევი, ამით უკმაყოფილო დარჩა, რადგან უსაფრთხოების სათანადო გარანტიები ვაშინგტონისგან ვერ მოისმინა.
დონალდ ტრამპი: „შენი ხალხი ძალიან მამაცია, შეგიძლიათ ამით იამაყო, მაგრამ ან შეთანხმება შედგება, ან ჩვენ გავდივართ პროცესიდან. თუ ასე მოხდა, დამარცხდებით. პუტინის მიმართ არსებობს დიდი სიძულვილი და მე ეს მირთულებს შეთანხმებას. მაგრამ კომპრომისები უნდა დავუშვათ, ამის გარეშე გარიგებები არ ხდება“.
ჯე დი ვენსი: „4 წელი გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც მკაცრად საუბრობდა ვლადიმერ პუტინზე, რომელიც მალევე შეიჭრა უკრაინაში. იქნებ მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა დიპლომატიაშია. იქნებ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვებზე მეტად მისი ქმედებებია მნიშვნელოვანი“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „შეიძლება რაღაც გკითხოთ? პუტინმა ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი მიიტაცა. ეს 2014 წელს მოხდა. ბევრი წლის განმავლობაში, არსებობდნენ პრეზიდენტები ობამა, ტრამპი, ბაიდენი ისევ ტრამპი – 2014 წლამდე ის არავის გაუჩერებია, ის ხალხს კლავდა და არავინ აჩერებდა. 2014 წლიდან 2022 წლამდე სიტუაცია არ შეცვლილა – მასთან ბევრჯერ გვისაუბრია, მე პირადად მოვაწერე მასთან ხელი შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, პრეზიდენტ მაკრონისა და კანცლერი მერკელის თანდასწრებით, ყველა ამბობდა, რომ ეს მას შეაჩერებდა. თუმცა რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და ჩვენს მიწაზე მობრუნდა, რა დიპლომატიაზე საუბრობთ? რას გულისხმობ?“
ჯეი დი ვენსი: „მე ვსაუბრობ დიპლომატიაზე, რომელიც თქვენი ქვეყნის განადგურებას შეაჩერებს. დიდი პატივისცემით ბატონო პრეზიდენტო, უპატივცემულობაა ოვალურ კაბინეტში მოსვლა და მედიასთან ამაზე საუბარი. თქვენ გაქვთ პრობლემები ფრონტის ხაზზე და პრეზიდენტ ტრამპს უნდა უმადლოდეთ ყველაფერს”.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „უკრაინაში რომ ყოფილიყავით, ნახავდით, რა პრობლემებიც გვაქვს. ჩამოდით ერთხელ”.
ჯეი დი ვენსი: „მე ვიცი რა პრობლემებიც გაქვთ, უპატივცემულობაა ამაზე საუბარი”.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „ომის დროს ყველას აქვს პრობლემა, თქვენც კი. თუმცა თქვენ გაქვთ ულამაზესი ოკეანე, მაგრამ ამას მომავალში იგრძნობთ”.
დონალდ ტრამპი: „ნუ გვეტყვი, რას ვიგრძნობთ. ჩვენ ვცდილობთ, გადავჭრათ პრობლემა. შენ არ ხარ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახო, რას ვიგრძნობთ. ჩვენ ძალიან ძლიერები ვიქნებით. ახლა ხელში არ გაქვს საამისო ბერკეტები”.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ”.
დონალდ ტრამპი: „მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები. რასაც აკეთებთ, ამ ქვეყნის მიმართ უპატივცემულობაა”.
ჯეი დი ვენსი: „ერთხელ მაინც გითქვამს მადლობა?”
ვოლოდიმირ ზელენსკი: „ძალიან ბევრჯერ, რაზე საუბრობთ?”
დონალდ ტრამპი: „შენ გაქვს შანსი დაამთავრო ომი”.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „3 დღეში? ეს პუტინისგანაც მსმენია. აქ რისთვის დამიძახეთ? იქნებ მალაპარაკოთ”.
ჯეი დი ვენსი: „უბრალოდ მადლობა თქვი”.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე ამერიკელი ხალხისთვის არაერთხელ მითქვამს მადლობა. შენ ცდები და ჩვენ ეს ვიცით”.
დონალდ ტრამპი: „კარგია, რომ ამერიკელი ხალხი ამას ხედავს. უნდა იყო მადლიერი”.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „გთხოვთ პრეზიდენტო, ჩვენ გვსურს ომის დამთავრება, მაგრამ გარანტიებით. ჰკითხეთ ჩვენს ხალხს ცეცხლის შეწყვეტაზე და მოუსმინეთ მათ”.
თეთრ სახლში დღეს ორ პრეზიდენტს მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმებისთვის უნდა მოეწერა ხელი. მას უკრაინის იშვიათ წიაღისეულებზე აშშ-ის წვდომის სანაცვლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველეყო.
ვაშინგტონისა და კიევის ინფორმაციით, ამ საკითხზე შეთანხმება შემდგარი იყო, თუმცა ოვალურ კაბინეტში დაპირისპირების შემდეგ ღიად დარჩა არა მხოლოდ მინერალების შესახებ შეთანხმება, არამედ ის, თუ როგორ გაგრძელდება ტრამპის მიერ ინიციირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) February 28, 2025
მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი დატოვა, დონალდ ტრამპმა მალევე გააკეთა განცხადება, სადაც დაწერა, რომ ზელენსკის ისევ ელის, როდესაც ის მშვიდობისთვის მზად იქნება.
Thank you America, thank you for your support, thank you for this visit. Thank you @POTUS, Congress, and the American people.
Ukraine needs just and lasting peace, and we are working exactly for that.— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 28, 2025
საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
„გმადლობ ამერიკა, მადლობა შენი მხარდაჭერისთვის, გმადლობ ამ ვიზიტისთვის, გმადლობ დონალდ ტრამპს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება მხოლოდ ხანგრძლივი მშვიდობა და სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.