კატეგორიები

დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად, სწრაფად მიიწევს წინ.

აღნიშნული განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 27 თებერვალს თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.

ტრამპი ამბობს, რომ მისი გუნდი მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის გზები იპოვონ.

მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მიღწეული ან საერთოდ არ უნდა შედგეს.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს წინსვლა და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქაა და ვინც მუშაობს ამისთვის. ჩვენ შეგატყობინებთ რა მოხდება. ეს ან საკმაოდ მალე იქნება, ან საერთოდ არ იქნება“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ზელენსკის შესახებ დაუსვეს კითხვა.

ჟურნალისტი: „ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ბატონი ზელენსკი დიქტატორია?“

„ეგ მე ვთქვი? ვერ ვიჯერებ, რომ მე ვთქვი. შემდეგი შეკითხვა“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი.

განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც. მან მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში ჯარების განთავსებაზე, სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.

„მშვიდობის მისაღწევად ჩვენ განვიხილეთ გეგმა, რომელიც არის მკაცრი და სამართლიანი და რომელიც უკრაინას დაეხმარება ვლადიმერ პუტინის სამომავლოდ შეკავებაში. აქტიურად ვმუშაობ სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად და მინდა ცხადად ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა ჯარებისა და საჰაერო ძალების ჩართვისთვის ამ მშვიდობის მხარდასაჭერად. ვიმუშავებთ ერთად, პარტნიორებთან, რადგან ესაა გრძელვადიანი მშვიდობის ერთადერთი გზა“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.

კირ სტარმერისვე თქმით, ეს შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს, რადგან ეს სახიფათო პრეცედენტს შექმნის.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში არსებობს ცნობილი გამოთქმა, რომ „ჩვენ უნდა მოვიპოვოთ მშვიდობა“. ესაა ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, რადგან შეუძლებელია მშვიდობა იყოს აგრესორის დაჯილდოება. ეს ააქტიურებს ისეთ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ისტორია უნდა იყოს მშვიდობისმყოფელის მხარეზე და არა დამპყრობლის“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.

დღეს თებერვალს დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს თეთრ სახლში, აშშ-უკრაინის მინერალების შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, შეხვდებიან.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები