კატეგორიები

ახალი ზელანდიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

ახალი ზელანდიისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი უინსტონ პიტერსი პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის შეხვდა.

შეხვედრის დროს პიტერსმა ისაუბრა უნიკალურ ურთიერთობაზე, რომელიც ახალ ზელანდიას კუკის კუნძულებთან აკავშირებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში კუკის კუნძულების პრემიერმა  ჩინეთთან რამდენიმე შეთანხმებას მოაწერა ხელი, რამაც ახალ ზელანდიაში უკმაყოფილება გამოიწვია.

„მინდა, ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვიმუშაო, რათა განვახორციელოთ ორი ლიდერის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა, შევინარჩუნოთ პირველობისკენ სწრაფვა და ჩინეთსა და ახალ ზელანდიას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იყოს ჯანსაღ და სწორ გზაზე“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ.

ახალი ზელანდიის მთავრობა განაწყენდა, როცა კუკის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა მარკ ბრაუნმა ჩინეთთან თანამშრომლობის შეთანხმების პროექტის ხელმოწერამდე მისი შინაარსი არ გაასაჯაროვა.

კუკის კუნძულების მოქალაქეებს ახალი ზელანდიის პასპორტები აქვთ, ხოლო ახალი ზელანდია ეხმარება ამ პატარა წყნარი ოკეანის ქვეყანას სამხედრო და საგარეო საქმეებში. ამის სანაცვლოდ კუკის კუნძულების მთავრობა ვალდებულია, კონსულტაცია გაიაროს ახალ ზელანდიასთან იმ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება მის ინტერესებს შეეხოს.

„რეალურად, ჯანსაღი ურთიერთობების ნიშანია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მნიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობა. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ამბიციაა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონი იყოს მშვიდობიანი, ეკონომიკურად განვითარებული და ფოკუსირებული წყნარი ოკეანის ქვეყნებით მართული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ჩვენი კავშირი წყნარ ოკეანესთან ღრმაა. ის მოიცავს ახალი ზელანდიის სამფლობელოს ნაწილად მიჩნეულ კუკის კუნძულებს, ნიუესა და ტოკელაუს”, – განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა.

უინსტონ პიტერსი, რომელიც ასევე ახალ ზელანდიის ვიცე-პრემიერია, თავისი ტურნე საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით დაიწყო. პეკინის შემდეგ ის მონღოლეთსა და სამხრეთ კორეას ეწვევა, რის შემდეგაც ახალ ზელანდიაში დაბრუნდება.

Related news
ირანმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა სტამბოლში ათიათასობით მოქალაქემ ექრემ იმამოღლუს ერთწლიანი პატიმრობა გააპროტესტა
სხვა ამბები