აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვაშინგტონში ხვალ, 28 თებერვალს, შეხვდებიან.
ლიდერები იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის წინ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს შეკითხვები, რომლებზეც პასუხები სასწრაფოდ სჭირდება, რადგან მისი ქვეყანა ომშია.
„პირველ ყოვლისა, მაქვს შეკითხვები და ძალიან გვჭირდება პასუხები, ძალიან გულწრფელი პასუხები, რადგან ომში ვართ. უნდა გვესმოდეს, რისი იმედი შეგვიძლია გვქონდეს. ამიტომ ჩემი შეხვედრა, სანამ პუტინს შეხვდება, კარგის ნიშანია. მე ასე მგონია, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად მზადაა, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები სარწმუნო არაა.
ის აღნიშნავს, რომ თუ ვაშინგტონი უკრაინას მომავალშიც არ მისცემს უსაფრთხოების გარანტიას, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეალურ შეთანხმებას ვერასდროს მიაღწევენ.
„ეს შეთანხმება ითვალისწინებს მხოლოდ მარტივ პუნქტებს, დიახ, უსაფრთხოების გარანტიები და ა.შ. თუმცა შემდეგი ნაბიჯები სხვა უნდა იყოს. მომავალი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ჩვენ მშვიდობა არ გვექნება და არ შეწყდება ცეცხლი, რაზეც ტრამპმა ისაუბრა. თუ ეს არ გვექნება, არაფერი გამოვა, ეს კარგად ვიცი. მზად ვარ ძირითადი საკითხების განსახილველად, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდება ხვალ, რა ბედი ეწევათ ჩვენს ოჯახებს?“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ნატოში გაწევრება დაივიწყოს.
