კატეგორიები

„უკრაინას შეუძლია, ნატო დაივიწყოს” – დონალდ ტრამპი

„უკრაინას შეუძლია, ნატო დაივიწყოს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პარასკევს, 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ვაშინგტონში ჩავა.

„პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია. ჩვენ ვაპირებთ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მინდა გადავუხადო ჰოვარდსა და სკოტს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ამისთვის გაწიეს. მართლაც, საოცარი სამუშაო გასწიეთ. საუბარია იშვიათ მინერალებზე. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ 350 მილიარდი დავხარჯეთ, ევროპამ კი – 100. ეს დიდი განსხვავებაა, ჩვენ სამჯერ მეტი გავიღეთ. ევროპა ახლოსაა, ჩვენ კი ოკეანე გვყოფს. იმედია, ევროპა უფრო მეტს გააკეთებს, ვიდრე ახლა აკეთებენ. წინა ადმინისტრაციამ ცუდ პოზიციაში ჩაგვაყენა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ვაპირებთ ჩვენი ფულის დაბრუნებას, მომავალში დიდ ფულს მივიღებთ. მიმაჩნია, რომ ეს მიზანშეწონილია, რადგან ჩვენ გვყავს გადასახადების გადამხდელები, რომლებიც არ უნდა იხდიდნენ იმაზე მეტს, ვიდრე ევროპელები იხდიან“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრება დაივიწყოს, რადგან ამ ომის დაწყების მიზეზი სწორედ ეს იყო.

„არ მინდა ახლა ამაზე საუბრის დაწყება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნატო უნდა დაივიწყოთ. ვფიქრობ, ეს იყო მიზეზი, რომლის გამოც ყველაფერი დაიწყო“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მანვე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ჭკვიანი კაცია და მას რაც შეიძლება, მალე შეხვდება.

„ის ძალიან ჭკვიანი და მოხერხებული კაცია, მაგრამ მე მსგავს ადამიანებს წარსულში გავმკლავებივარ. ძალიან ცუდ ადამიანებთან მქონდა საქმე. უნდა გაიგოთ, რომ ჩემი აზრით, მას ამ ომის დაწყების განზრახვა არ ჰქონია. როდესაც ამირჩიეს, ვილაპარაკეთ და ვფიქრობ, რომ შევთანხმდებით. ამის გარანტიას ვერ მოგცემთ. გარიგება გარიგებაა და მასში ბევრი გიჟური რამ ხდება, მაგრამ ვფიქრობ, ეს გამოგვივა. მე რომ არ ავერჩიე, პუტინი უკრაინის დაკავებას გააგრძელებდა. ეს ომი გაგრძელდებოდა და ადამიანები დაიხოცებოდნენ. უკრაინელებს დიდ პატივს ვცემ, როგორც არაჩვეულებრივ მებრძოლებს, მაგრამ ჩვენი აღჭურვილობის გარეშე ეს ომი, როგორც ხალხი ამბობდა, ძალიან მოკლე დროში დასრულდებოდა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს შეთანხმების პირობები ორივე მხარისთვის მისაღები იყოს და უკრაინამ რაც შეიძლება მეტი დაიბრუნოს.

„ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შეთანხმებას ორივე მხარისთვის. უკრაინისთვის ბევრს ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება, მეტის დაბრუნება შეძლონ“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები