მთავარიევროპარუსეთი„რუსეთის ჰუმანური სახე“ - ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

„რუსეთის ჰუმანური სახე“ – ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

ვლადიმერ პუტინის კრიტიკოს ოპოზიციონერს 2015 წლის 27 თებერვალს ღამით, კრემლის მიმდებარედ, მოსკვორეცკის დიდ ხიდზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ექვსჯერ ესროლეს. ბორის ნემცოვი ადგილზე დაიღუპა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

10 წლის შემდეგაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის დამკვეთების ვინაობა დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია მისი შემსრულებელი – ზაურ დადაევი. 2017 წელს ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პატიმრობა ჩეჩნეთის ხუთ მკვიდრს მიესაჯა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების ოფიცრებს.

ბორის ნემცოვი ღიად აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯებს არამხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც. მან მკაცრად დაგმო 2014 წელს კრემლის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია, ასევე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეჭრა და საომარი მოქმედებების დაწყება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმერ პუტინის ამ ქმედებას მოძმე უკრაინელი ერისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უხეშ დარღვევას უწოდებდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მომხრეები მის მკვლელობას სწორედ ბორის ნემცოვის ღიად ანტისამთავრობო პოზიციას უკავშირებენ.

ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას უკვე 10 წელია, სახალხო მემორიალია, თუმცა რუსეთის ძალოვანი უწყებები, მოსკოვის კომუნალური სამსახურების თანამშრომლები და კრემლის პოლიტიკის მომხრეები მას რეგულარულად შლიან.

ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას მისი მომხრეები დღესაც ყვავილებითა და პოლიტიკოსის პორტრეტებით მივიდნენ. მათ გარდა მემორიალთან მივიდნენ რუსეთში ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ელჩებიც.

რუსული გამოცემა „მედუზას“ ცნობით, დღის მეორე ნახევარში, საპოლიციო დანაყოფებმა მოხალისეებს ადგილის დატოვება, „სპეციალური ღონისძიების მიმდინარეობის“ მიზეზით მოსთხოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend