მთავარიაზიაღაზაისრაელსა და „ჰამასს" შორის თითქმის 16-თვიანი ომის შემდეგ პალესტინელები თავიანთ დანგრეულ სახლებს...

ისრაელსა და „ჰამასს” შორის თითქმის 16-თვიანი ომის შემდეგ პალესტინელები თავიანთ დანგრეულ სახლებს უბრუნდებიან

ღაზის სექტორში ღამის დადგომასთან ერთად დანგრეული შენობებისა და ნანგრევების გროვა სიბნელეში ექცევა. საკუთარი სახლის ნანგრევებში მცხოვრები ასმა დვაიმას უმცროს ვაჟებს სიბნელის ეშინიათ, ამიტომ მათ დასამშვიდებლად იგი ტელეფონის ფანარს იყენებს. თითქმის 16-თვიანი ომის გამო იძულებით გადაადგილების შემდეგ ისინი სახლში დაბრუნდნენ, თუმცა როგორც თავად ასმა აცხადებს, უმძიმეს საცხოვრებელ პირობებში უწევთ ყოფნა. არ არის წყალი, დენი, გათბობა და არც არანაირი სერვისი, ან მომსახურება. არც ხელსაწყოები აქვთ, რომ ნანგრევები გაასუფთაონ.

„ყველა სახლს მთელ მსოფლიოში აქვს ელექტროენერგია, წყალი, გაზი და ყველაფერი ელემენტარული, რაც საჭიროა. ჩვენ ვიძინებთ და ვიღვიძებთ ამ ელემენტარული საჭიროებების მოსაძებნად. ყოველდღე ვეძებთ წყალს. ვცდილობთ, დავმუხტოთ ტელეფონი, გაზი მოვიტანოთ და საკვები ვიშოვოთ”, – აცხადებს ჩრდილოეთ ღაზის მკვიდრი იასმა დვაიმა.

გაეროს მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შედეგად, ჩრდილოეთით ღაზაში დაახლოებით 600 000 პალესტინელი დაბრუნდა. თავდაპირველი შვებისა და თუნდაც, დაზიანებულ ან განადგურებულ სახლებში დაბრუნების სიხარულის შემდეგ ისინი ახლა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, ისინი ნანგრევებში ცხოვრობენ.

„ჩვენ კოშმარში 15 თვე ვიცხოვრეთ და ახლა ეს კიდევ უფრო მეტად რთულია, რადგან ეს ჩვენთვის პირადი დანაკარგია. ერთ წამში მოგონებები  და მთელი ჩვენი ცხოვრება გაქრა. ეს არის გრძნობა, რომლის აღწერა შეუძლებელია სიტყვებით”, – ამბობს ასმა დვაიმა.

გაეროს შეფასებით, ღაზის რეკონსტრუქციას დაახლოებით 53 მილიარდი დოლარი სჭირდება მას შემდეგ, რაც მთელი უბნები ისრაელის დაბომბვისა და „ჰამასის” მებრძოლების წინააღმდეგ იერიშების შედეგად განადგურდა. ღაზა ახლა სავსეა 50 მილიონ ტონაზე მეტი ნანგრევით. თუ 100 სატვირთო მანქანა სრული დატვირთვით იმუშავებს, 15 წელზე მეტი დასჭირდებათ ნანგრევების გასატანად.

გაეროს შეფასებით, ამ დროისთვის, თითქმის არ არსებობს შესაძლებლობა, ან დაფინანსება მნიშვნელოვანი აღდგენითი პროცესის დასაწყებად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend