ამერიკელი და რუსი დიპლომატები ხვალ თურქეთში შეხვედრას გამართავენ. განხილვის თემა იქნება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობის რეგულირება, რომლის შესახებაც შეთანხმებას საუდის არაბეთში მიაღწიეს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ამ მხრივ პირველ ნაბიჯად დედაქალაქებში დიპლომატიური მისიების სრულფასოვანი აღდგენა დასახელდა. სწორედ ამ საკითხს დაეთმობა მაღალი დონის დიპლომატებს შორის შეხვედრა სტამბოლში, რომლის შედეგებიც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, “აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფი და ეფექტური იქნება პროცესი”.
სერგეი ლავროვი გამოეხმაურა ვაშინგტონში ემანუელ მაკრონის ვიზიტის შემდეგ გაჟღერებულ განცხადებებს, მათ შორის უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ. მოსკოვი ამ საკითხს ეწინააღმდეგება.
“უკრაინაში სამშვიდობო ძალების განთავსებაზე ვერანაირ ვარიანტს ვერ განვიხილავთ, არ ვიცი რა თქვა იქ მაკრონმა, რომელიც თავის როლს ვაშინგტონში არც თუ ისე დამაჯერებლად თამაშობდა, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ სამშვიდობო ძალების განლაგება შესაძლოა მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, – გვგულისხმობდა ჩვენ და უკრაინას. ჩვენ ამის შესახებ არაფერს გვეკითხებიან. მაკრონი ვაშინგტონში საუბრობდა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზეც, სამშვიდობო მისიების შეყვანაზე. ტერიტორიებზე, ხალხის ბედსა და მშვიდობის მიღწევის სხვადასხვა პრინციპებზე საუბარს ის მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავდა – ეს თაღლითობაა. არ შეიძლება, წახვიდე ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, გატენონ უკრაინა იარაღით.
რაც შეეხება ჩვენს აქტივებს, რომლებიც პირველ რიგში ევროპელებმა მოგვპარეს, ამაზე კონკრეტული საუბრები არ ყოფილა, თუმცა როგორც დარეგულირების პროცესის ნაწილი, ეს თემა რომ არსად გაქრება ამაში ეჭვი არ მეპარება”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.