მთავარიამერიკააშშაშშ-სა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება შედგა

აშშ-სა და უკრაინას შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება შედგა

მინერალების შესახებ შეთანხმება შედგა – აშშ-მა და უკრაინამ მიაღწიეს ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც რამდენიმე უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის ექსპლუატაციას ითვალისწინებს.

უკრაინელი მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს და აშშ-ის გრძელვადიან მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ვაშინგტონში 28 თებერვალს ჩავა.

„გავიგე, რომ პარასკევს ჩამოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღები იქნება, თუ მას შეთანხმებაზე ხელის მოწერა ჩემთან ერთად სურს. ეს დიდი საქმეა, ძალიან დიდი საქმე და ვფიქრობ, რომ ამერიკელი ხალხი ძალიან ბედნიერია, რადგან ბაიდენი ფულს ბამბის ტკბილეულივით არიგებდა. ეს შესაძლოა ტრილიონი დოლარის გარიგება იყოს. საუბარია იშვიათ მინერალებზე. ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ უკრაინასა და რუსეთთან ომზე, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინას მსგავსი წინადადება წარედგინა. ვაშინგტონი წარსულშიც სთავაზობდა კიევს ეკონომიკურ შეთანხმებას, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის სანაცვლოდ აშშ-ის გრძელვადიან მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

„რაც არ მოგვწონს ისაა, რომ ევროპამ 100 მილიარდი დახარჯა, ჩვენ კი – 350 მილიარდი. ევროპა თავის ფულს დაიბრუნებს, რადგან მათ ეს დახმარება სესხის სახით გასცეს, ჩვენ კი უბრალოდ მივეცით მათ, იქნება ეს 300 თუ 350 მილიარდი, არავინ იცის. ამაზე პასუხსაც ვერ მცემენ, რაც ნიშნავს, რომ ალბათ, ამაზე მეტიცაა. ამრიგად, გვინდა ვიყოთ დაზღვეული, გვინდა ჩვენი თანხის დაბრუნება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ წარსული შეთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ არ ითვალისწინებდა უსაფრთხოების აშკარა გარანტიებს, ბევრად უფრო ხელსაყრელი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:59
spot_imgspot_img
Send this to a friend