კატეგორიები

„ზავი კვირების ამბავია”- ახალი შეთავაზებები მოლაპარაკებათა მაგიდაზე

„ზავი კვირების ამბავია”- ახალი შეთავაზებები მოლაპარაკებათა მაგიდაზე

„მშვიდობამდე არც თუ ისე შორია” – დონალდ ტრამპის წარმოდგენით რამდენიმე კვირა. მისი სტუმარი ემანუელ მაკრონი ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ჩანდა. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტს იმის ნამდვილად სჯერა, რომ უკრაინამ მშვიდობა კაპიტულაციის გარეშე უნდა მიიღოს, ცეცხლის შეწყვეტა კი მყარი გარანტიების თანხლებით. ფრანგი და ამერიკელი პრეზიდენტების შეხვედრა გულთბილი გამოდგა, ჩანს, რომ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსებაზე ევროპას აშშ-ს მყარი მხარდაჭერა ექნება. აშშ-ის პრეზიდენტი  დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ამაზე დაითანხმა.

„პუტინი მიიღებს ევროპულ სამშვიდობო ძალებს, მე მას კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი და გეტყვით, რომ მას პრობლემა არ აქვს. ევროპულ ჯარებს შეეძლებათ უკრაინაში ჩასვლა, როგორც კი მშვიდობა დამყარდება. ევროპა უზრუნველყოფს უსაფრთხოებით გარანტიებს უკრაინისთვის, ჩვენი მხრიდან კი იქნება მხარდაჭერა. ჩემი ფუნქციაა, დავასრულო ომი. ვფიქრობ, მისი დასრულება კვირების განმავლობაშია შესაძლებელი, თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, თუ არა და დავკარგავთ ახალგაზრდა და ლამაზ ადამიანებს, რომლებიც არ უნდა კვდებოდნენ. ეს ყველაფერი კი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდეც კი მივიდეს. ეს არ გვინდა და არ უნდა დავუშვათ”, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

„არ მსურს, წინასწარ ვისაუბროთ იმ განხილვაზე, რომელიც პროცესშია, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ საერთო ამოცანა გვამოძრავებს. ესაა სოლიდური და ხანგრძლივი მშვიდობის მშენებლობა უკრაინისთვის. მე პატივს ვცემ უკრაინელი ხალხის გამბედაობასა და წინააღმდეგობას, გვესმის იმ გარანტიების საჭიროებაც, რომლებიც ვითარების სტაბილიზებაში დაგვეხმარება. აშშ და საფრანგეთი ყოველთვის ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ და დღესაც ამის დროა.  ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ  უსაფრთხოების გარანტიებით. აქტიურად ვსაუბრობთ უკრაინის სუვერენიტეტზე. ევროპელების სამშვიდობო მისია კი იქნება არა კონფლიქტის მხარე, არამედ დააკვირდებიან იმას, თუ როგორ სრულდება სამშვიდობო შეთანხმება. ერთხელ უკვე გვქონდა მინსკის შეთანხმება, რომელმაც არ იმუშავა. მე აქ ვარ, ჩემს ევროპელ პარტნიორებთან საუბრების შემდეგ და მათი სახელით გეტყვით, რომ ევროპა მზადაა, გახდეს უფრო ძლიერი პარტნიორი, გააკეთოს მეტი თავდაცვისთვის, იყოს საიმედო პარტნიორი ვაჭრობასა და ეკონომიკაშიც“, – თქვა ვაშინგტონში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ოვალურ კაბინეტში ემანუელ მაკრონისთვის განთავსებულ სკამზე, რამდენიმე დღეში კირ სტარმერი იჯდება. ვაშინგტონში გამგზავრებამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომლითაც „ძლიერი ევროპის” შესახებ ფრანგი კოლეგის აზრი კიდევ უფრო მეტად განამტკიცა. ლონდონი თავდაცვის ხარჯებს ზრდის.

„აშშ ჩვენთვის ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ერთად გვიომია და მოგვიგია. პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე მკაფიო ვიქნები, რომ მსურს ეს ურთიერთობა იყოს ძლიერი. დღეიდან ჩვენი მთავრობა იწყებს, ცივი ომის დასრულების შემდეგ თავდაცვის ხარჯებში მასშტაბურ ზრდას. ეს კი  ნიშნავს მშპ-ს 2.5 %-ის მობილიზებას. ჩვენ ამაზე შორს წავალთ, როდესაც დასახულ მიზანს 2027 წელს მივაღწევთ. რუსეთი არის საფრთხე ჩვენს წყლებში, ჩვენს საჰაერო სივრცეში, ჩვენს ქუჩებში – ისინი ახორციელებენ კიბერშეტევებს, 7 წლის წინ კი სოლსბერის ქუჩებში ქიმიური თავდასხმაც მოაწყვეს. ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინის გვერდით, რადგან თუ ხანგრძლივ მშვიდობას ვერ მივაღწევთ, ეკონომიკური არასტაბილურობა იქნება უსაფრთხოების გამოწვევა ყველასათვის“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერმა კირ სტარმერმა.

უცნობია, სამშვიდობო ძალების გაგზავნის გარდა აქვს თუ არა ახალი შეთავაზება კიევთან დიდ ბრიტანეთს, რადგან აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინული მინერალების ათვისებით ვაშინგტონის გარდა ევროკავშირიცაა დაინტერესებული. ალტერნატიული შეთავაზება უკრაინამ მას შემდეგ მიიღო, რაც კიევსა და ვაშინგტონს შორის იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, ზელენსკის კი ხელმოწერისთვის ვაშინგტონში ელოდებიან. საუბარია ორმხრივად მომგებიან გარიგებაზე, რომელიც  უკრაინის იშვიათი მინერალების, კერძოდ მანგანუმის, ტიტანის, გრაფიტისა და ლითიუმის სანაცვლოდ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ევროკავშირი უზრუნველყოფს. სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარმა სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ დისკუსიები კიევთან ევროკომისიის პრეზიდენტს კიევში ვიზიტის დროს ჰქონდა. კიევის პასუხი უცნობია.

ევრონიუსის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ კიევს სთავაზობს ქვეყნის რესურსების ერთობლივ მენეჯმენტს, ერთი მხრივ უსაფრთხოების გარანტიების, მეორე მხრივ კი გრძელვადიანი ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, რომელიც ქვეყნის რეკონსტრუქციას მოემსახურება.

მინერალებზე ერთობლივ მუშაობას ვაშინგტონს სთავაზობს მოსკოვიც. „აშშ-ს იშვიათი ლითონები სჭირდება? – ჩვენ ასეთი ბევრი გვაქვს”, – ამბობენ კრემლში, სადაც იშვიათი ლითონების ინდუსტრიის მთელი ხაზის შექმნას აანონსებენ.

„ჩვენ იშვიათი მინერალების გაცილებით დიდი რესურსი გვაქვს, ვიდრე უკრაინას. შეგვიძლია, შევთანხმდეთ აშშ-სთან. მზად ვართ, ეს ამერიკელ პარტნიორებს შევთავაზოთ, არა მხოლოდ ადმინისტრაციას, არამედ  კომპანიებს – თუ მათ ერთობლივი მუშაობის მიმართ ექნებათ ინტერესი. იმისათვის, რომ რთული საკითხები გადაიჭრას, მათ შორი უკრაინის ირგვლივ, აშშ-მა და რუსეთმა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგან. ეს კი ნდობის გაძლიერებას გულისხმობს. სწორედ ამას ეძღვნება უმაღლესი დონის კონტაქტები”, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ამ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა უკრაინელი კოლეგა მოიხსენია ტოქსიკურ ფიგურად, რომელიც მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისთვის მთავარი დაბრკოლებაა. ასე არ ფიქრობენ დიდი შვიდეულის წევრები, რომლებმაც ვოლოდიმირ ზელენსკი მიიწვიეს სამიტზე, სადაც მას სიტყვაც მიეცა.

„ჩვენი ოჯახები, მოქალაქეები ღელავენ იმაზე – გაგრძელდება  თუ არა ამერიკის მხარდაჭერა? იქნება თუ არა აშშ კვლავ თავისუფალი სამყაროს ლიდერი? გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის ამას დიდი  მნიშვნელობა აქვს. ომის დაწყების დღიდან ჩვენ გვინდოდა მშვიდობა და ახლა როგორც არასდროს გვჯერა, რომ ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუ, რა თქმა უნდა, ერთად ვიდგებით. რუსეთთან მოლაპარაკებებისას მაგიდასთან თავისუფლების ყველაზე ძლიერი დამცველები უნდა ისხდნენ – აშშ, ევროპა და უკრაინა. მხოლოდ ასე მოხდება რეალური გარიგება. თუ უკრაინა დარჩება ნატოს მიღმა, ეს იქნება უფრო ხარჯიანი და რთული გზა ყველასათვის. უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება იმისათვის, რომ გაიმარჯვოს მშვიდობამ”, – მიმართა დიდი შვიდეულის ქვეყნებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევიდან.

უკრაინის საკითხზე გადაწყვეტა რომ მოახლოვდა კიევშიც, მოსკოვშიც, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც, საგრძნობია. ღია და დახურული ხაზებით მოლაპარაკებები აქტიურ პროცესშია. შემდეგი ნაბიჯი ერთობლივი მაგიდაა, თუმცა სად და როდის უცნობია. თურქეთი კვლავ მასპინძლობის ინიციატივით გამოდის.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები