ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაურკვეველი მომავლის პარალელურად, 24 თებერვალს თეთრ სახლში ერთმანეთს აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი შეხვდნენ.
შეხვედრა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების სამ წლისთავზე შედგა და მისი მთავარი განსახილველი თემა უკრაინა იყო.
შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთსა და სხვა ევროპელ პარტნიორებს სურთ მშვიდობის სწრაფად მიღწევა, მაგრამ არ სურთ “სუსტი” შეთანხმების გაფორმება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა რომ ჩვენ მშვიდობა გვინდა. მას მშვიდობა უნდა. გვსურს მშვიდობა სწრაფად, მაგრამ არ გვინდა სუსტი შეთანხმების გაფორმება. არიან ევროპელები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ უზრუნველყონ უსაფრთხოების გარანტიები და აშშ, როგორც მოკავშირე, მზადაა ამ მიდგომის მიმართ სოლიდარული იყოს. ჩემი აზრით, ეს გარდამტეხი მომენტი და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ამ შეხვედრის დროს შევთანხმდით”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აგრეთვე, განაცხადა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, მზადაა საფრანგეთის ჯარების უკრაინაში გააგზავნოს. მისი აზრით, თუ ევროპა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ მას არც საკუთარი უსაფრთხოების შენარჩუნება შეეძლება.

„მე ამას უკვე რამდენიმე კვირაა ვამბობ. თუ არ ვიძლევით გარანტიას ევროპის შიგნით უკრაინის უსაფრთხოებაზე, მაშინ როგორ შეგვიძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა? ჩვენ უკრაინიდან სულ რაღაც 1500 კილომეტრში ვცხოვრობთ, ხოლო გერმანელები და პოლონელები კიდევ უფრო ახლოს. ამრიგად, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ მოწოდებას, რათა ევროპელები უფრო ჩართული იყვნენ პროცესში. ამერიკელები კი ისევ ჩვენთან იქნებიან. ევროპელები მუშაობენ თავიანთი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის, რაც ჩემი აზრით, ამ დისკუსიის გადამწყვეტი მომენტი იქნება”, – თქვა ემანუელ მაკრონმა.
შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა დონალდ ტრამპმაც და აღნიშნა, რომ ორივე შეთანხმდნენ მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
„რუსეთ-უკრაინის ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაიწყო და ხედავთ, რა არეულობაა, რა საშინელი, სისხლიანი არეულობაა. ასევე, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი მაკრონი თანახმაა მშვიდობის უზრუნველყოფის ღირებულება და ტვირთი ევროპის ქვეყნებმა აიღონ და მთავარი როლი შეასრულონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ეს არაა დიდი ნაბიჯი. დიდი ნაბიჯი იქნება ის, რაც მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში, ევროპული ჯარები უკრაინაში შევლენ.

„დიახ, ევროპული ჯარები შესაძლოა უკრაინაში შევიდნენ, როგორც სამშვიდობოები. ამრიგად, როდესაც შეთანხმება დასრულდება, მათ შეეძლებათ დააკვირდნენ, რამდენად სრულდება ეს შეთანხმება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს და ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ – არ მსურს საფრანგეთის სახელით ვისაუბრო – მაგრამ ვიცი, რომ ლიდერებმა ეს შესაძლებლობა უკვე განიხილეს. ვფიქრობ, კარგი დღე იქნება, როდესაც ტერიტორიაზე სამშვიდობოები შევლენ”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპი სხვა ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება. 27 თებერვალს, დონალდ ტრამპი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს.

