მთავარიევროპაუკრაინარუსული აგრესიის სამი წელი - მსოფლიო ლიდერები კიევში

რუსული აგრესიის სამი წელი – მსოფლიო ლიდერები კიევში

მიუხედავად ბოლოდროინდელი განწყობისა და დაბნეულობისა, რომელიც უკრაინის საკითხზე ვაშინგტონმა გააჩინა, კიევში დღეს სოლიდარობის ხმა ისმოდა. ომში მყოფმა ქვეყანამ მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლა საგანგებო სამიტზე, სადაც სიტყვით გამოვიდნენ როგორც ევროპელი ლიდერები, ისე კანადის, იაპონიის, თურქეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირველი ნაბიჯი რუსი და უკრაინელი პატიმრების გაცვლა უნდა იყოს. სამიტს არ დასწრებია აშშ-ის წარმომადგენლობა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ე.წ. „მინერალების გარიგებაზე” ვაშინგტონსა და კიევს შორის შეთანხმება ბოლო ფაზაშია.

„პუტინის ე.წ. სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან სამი წლის თავზე უკრაინა ცოცხალია, იბრძვის და ჰყავს იმაზე მეტი მეგობარი მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე. არავის სჯერა რუსეთის ტყუილების ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხის შესახებ, მათაც კი, ვინც ამ ომში, სამწუხაროდ, რუსეთის მოკავშირეებად იქცნენ. ყველას მშვენივრად ესმის, რას და ვის უჭერს მხარს. ისინი დგამენ განსხვავებულ ნაბიჯებს, მოიპოვებენ ფულს რუსეთთან ურთიერთობით, თუმცა ვერასოდეს შეძლებენ მოიპოვონ პატივისცემა. წლევანდელი წელი უნდა გახდეს ნამდვილი და საიმედო მშვიდობის დასაწყისი. პუტინი არ გვაჩუქებს მშვიდობას, არც რაიმეს სანაცვლოდ მოგვცემს მას.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას ძალით, სიბრძნითა და ერთობით – ერთობლივი თანამშრომლობით. ერთ საათში მშვიდობას ვერ გამოაცხადებ. ეს ვერც ერთ დღეში მოხდება, ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ომი დაიწყეს უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად, უკრაინა უნდა იჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდაზე. რუსეთის სტრატეგიული ინტერესია ევროპა, ევროპის ცხოვრების სტილი. ასე რომ ევროპის უსაფრთხოება და ბედისწერა ვერ გადაწყდება ევროპის გარეშე. უკრაინა, ევროპა და აშშ – უნდა ვიყოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან რუსეთის წინაშე, რათა მშვიდობის საჭიროება არ გადათეთრდეს ნორმალიზებისა და გადატვირთვის დაპირებებით”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევში გაკეთებულ განცხადებებში იგრძნობოდა ოპტიმიზმი და განცდა,რომ უახლოესი თვეები გარდამტეხი იქნება,დასავლეთს კი აქვს შესაძლებლობა გავლენა იქონიოს მოლაპარაკებების საბოლოო შედეგზე. დღეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესეს.განცხადებებში კი ხაზი გაუსვეს ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელების კონკრეტულ გეგმას.

„მარტივი გზავნილი მაქვს, დიდი ბრიტანეთი არის თქვენთანა დღეს და ყოველ დღე. მისი უდიდებულესობა მეფიდან დაწყებული უკრაინის საავადმყოფოებში მოხალისედ მომუშავე ბრიტანელებით გაგრძელებული. ახლა ერთობის დროა, ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც მოლაპარაკებები იწყება, უნდა შევძლოთ ერთობლივი მუშაობით შედეგზე გავლენის მოხდენა. რუსეთს ამ ომში ხელთ არ უჭირავს ყველა ბერკეტი, რადგან უკრაინელებს აქვთ გამბედაობა, დაიცვან ქვეყანა, რუსული ეკონომიკა კი გასაჭირშია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა; გავაგრძელოთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე, რათა ის წავიდეს დათმობებზე. სწორედ ამიტომ დიდი ბრიტანეთის სახელით ვაცხადებ სანქციების უდიდეს პაკეტს რუსეთზე, ეს შეეხება მათ ჩრდილოვან ფლოტსა თუ ჩინეთში მომუშავე კომპანიებს, რომლებიც მოსკოვს სამხედრო კომპონენტებით ამარაგებენ. ჩვენ კოლექტიური ძალა უნდა შევმატოთ მშვიდობას. ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა შეცვალა გლობალური საუბარი და შექმნა შესაძლებლობაც. უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, დიდი ბრიტანეთი მზადაა სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს სამხედრო კომპონენტით. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მივიღოთ საუკეთესო შედეგი უკრაინისთვის. თუ უკრაინა დამარცხება, ევროპა იქნება შემდეგი და სწორედ ეს დევს სასწორზე”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

„2022 წლის 24 თებერვალი არის დღე, რომელშიც ყოველდღე ვცხოვრობთ. მაშინ რუსეთი შეიჭრა მშვიდობიან ქვეყანაში პუტინის იმპერიალისტური ამბიციების გამო. სასწორზე არ დევს მხოლოდ უკრაინის ბედისწერა, სასწორზეა ევროპის მომავალიც. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას. დღეს აქ ვარ, რათა გამოვთქვათ ჩვენი მხარდაჭერა. თავისუფალი და სუვერენული უკრაინა მთელი მსოფლიოს ინტერესია, რადგან ავტოკრატები ძალიან დიდი ყურადღებით გვაკვირდებიან, არსებობს თუ არა შეკავება მაშინ, როდესაც მეზობელი სახელმწიფოს მიტაცებას შეეცდები. ეს ეხება ყველა კონტინენტს. უკრაინის მხარდაჭერა არის ინვესტიცია მომავალი ომების თავიდან ასარიდებლად. ევროპა აქაა იმისათვის, რომ გაგაძლიეროთ ამ კრიტიკულ მომენტში. ეს მათ შორის გულისხმობს დამატებით 3.5 მილიარდ ევროს მხარდაჭერას მარტში. გეტყვით იმასაც, რომ გაიმართება ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა, სადაც წარვადგენთ ხელშესახებ გეგმას, ევროპისა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გეგმას. ეს იქნება გეგმა უკრაინისა და ევროპისთვის. ჩვენ გვჯერა უკრაინის ევროპული მომავლის და მასზე ერთად ვიმუშავებთ”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთი ცეცხლს მაშინ შეწყვეტს, როდესაც მისთვის ხელშესახებ და სასურველ შედეგს მიიღებს, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს. საკითხზე მსჯელობა გრძელდება. რუსეთის აგრესიამ ოფიციალური მონაცემებით, 95 ათასზე მეტი რუსი სამხედრო იმსხვერპლა. 45 ათასს აჭარბებს უკრაინის დანაკარგი, ამ ომის დროს 400 ათასამდე უკრაინელი დაიჭრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend