ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული არმია სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და კიევის შეუტია.
2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსულმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები ისროლეს უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაცია” უწოდა, რის მიზნადაც უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია” დაასახელა. რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება.

უკრაინის ქალაქებში უწყვეტად ისმოდა გამაფრთხილებელი სირენების ხმა. მოსახლეობა თავს აფარებდა მეტროებსა და სხვა თავშესაფრებს. უკრაინულმა არმიამ რუს აგრესორებს, რომლებიც კიევიდან რამდენიმე კილომეტრში იდგნენ, უკან დაახევინა. ბრძოლები კი დონეცკისა და ლუჰანსკის მიმდებარედ გაგრძელდა.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ომში 46 000-ზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ომის დაწყებიდან მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე იქცა დევნილად. გაეროს მონაცემებით, ომის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია სახლების 10%-ზე მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 2 მილიონი ადამიანი ღირსეული საცხოვრებლის გარეშე დარჩა. რუსული აგრესიის შედეგად, დაინგრა 3 600-ზე მეტი სკოლა და სასწავლო დაწესებულება.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები. მათ შორის საქართველოშიც გაიმართა მრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე. უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო, რუსეთს კი აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა სხვადასხვა სახის სანქციები დაუწესეს.
