რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 3 წლისთავზე, კრემლი კვლავ მთელი ძალით უტევს უკრაინას. მხოლოდ 22 და 23 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა რეკორდული რაოდენობის დრონი გაუშვეს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ეს ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური იერიში იყო. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთიანი კოორდინირებული მოქმედებით, რუსეთმა რეკორდული რაოდენობის 267 დრონი გაუშვა.
უკრაინული მხარის ცნობით, 183 დრონი გაანეიტრალეს, ხოლო 119 გაანადგურეს. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ თავდასხმებმა ნგრევა და ხანძრების ჯერების გაჩენა გამოიწვია.
Every day, our people stand against aerial terror. On the eve of the third anniversary of the full-scale war, Russia launched 267 attack drones against Ukraine — the largest attack since Iranian drones began striking Ukrainian cities and villages. In total, nearly 1,150 attack… pic.twitter.com/YvCNuZorvX
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 23, 2025
უკრაინელები ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ელიან. მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ მსოფლიო ლიდერებს შორის მოლაპარაკებები მალე შედგება – „მინდა შეთანხმებას მალე მოაწერონ ხელი. ზუსტად არ ვიცი რა იქნება, თუმცა იმედი მქვს, ამოსუნთქვას შევძლებთ. უნდა მორჩეს ეს ხოცვა-ჟლეტა და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის აღდგენა“ , – ამბობს კიევის მკვიდრი, ჰანა ნიკოლენკო.
„არავის უნდა მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ, უკრაინელ ხალხს. ხალხს, რომელიც 11 წელია რუსეთის აგრესიას ებრძვის და უკვე 3 წელია სრულმასშტაბიანი ომის ქარცეცხლშია გახვეული. ყველაზე მეტად მშვიდობა ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობა თავისუფლებაში. გვსურს სამართლიანი მშვიდობა, ისეთი როგორიც გვქონდა მანამ სანამ რუსეთი სასტიკად დაგვესხმებოდა თავს“, – აცხადებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, ალექსანდრე შმურიჰინი.
უკრაინაზე დრონების გამოყენებით ყველაზე მასშტაბური იერიშის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ომში მონაწილე რუსი სამხედროები დააჯილდოვა.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები იცავენ ჩვენი წინაპრების დიდებულ დანატოვარს. თქვენც მათ მსგავსად, ვაჟკაცურად დგახართ რუსეთის დაცვის სადარაჯოზე. მამაცურად იბრძვით ჩვენი ხალხის მომავლისთვის. მადლობა თქვენ და ყველა თქვენ თანამებრძოლს. თქვენი ძალისხმევით ვაღწევთ ჩვენს მიზნებს“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, 3 წლისთავზე, ვლადიმერ პუტინი ამ ომს კვლავ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს. ომს, რომელმაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე დევნილად აქცია. ომს, რომელმაც ათიათასობით სიცოცხლე შეიწირა. პუტინი კი არ ჩერდება. კვლავ უტევს უკრაინას და ებრძვის მშვიდობას.