კატეგორიები

რას ნიშნავს ფრიდრიხ მერცის კანცლერობა ევროპისთვის?

რას ნიშნავს ფრიდრიხ მერცის კანცლერობა ევროპისთვის?

„ქრისტიან დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაკომპლექტდება გერმანიის მთავრობა, ან რამდენად შეძლებს მერცი შეცვალოს გერმანიის პოლიტიკა თავისი ხედვის შესაბამისად.

„ქრისტიან დემოკრატიულ პარტიასა“ და სხვა პარტიებს შორის კოალიციურ მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. თუმცა, ერთი რამ ნათელია – კონსერვატორი ლიდერი ფრიდრიხ მერცი, გერმანიას ამჟამინდელი კანცლერისგან, ოლაფ შოლცისგან, განსხვავებული მიმართულებით წაიყვანს.

შესაძლოა, ეს მიმართულება ასევე „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერისა და გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, 16-წლიან მმართველობას სულაც არ ჰგავდეს. გასულ თვეში ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში წარადგინა ინიციატივა ახალი მიგრაციული ზომების მოთხოვნით, რომელსაც მხარს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უჭერდა. კონსერვატორები აცხადებენ, რომ ფრიდრიხ მერცის მხრიდან ეს სტრატეგიული ნაბიჯი იყო იმ ამომრჩეველთა ხმების დასაბრუნებლად, რომლებიც ულტრამემარჯვენე პარტიისკენ იხრებოდნენ.

თავდაცვა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე კონსერვატორმა ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა მკაცრად გააფრთხილა ევროპა, რომ საკუთარი თავდაცვისთვის მოემზადოს ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. მან თქვა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს ისეთი პერიოდისთვის, თუ დონალდ ტრამპი უპირობოდ აღარ დაიცავს ნატოს ორმხრივ თავდაცვის ვალდებულებას. რაც იმაზე მიუთითებს, რომ გერმანიამ შესაძლოა ბირთვული დაცვა ევროპელ მოკავშირეებთან ეძებოს, კონკრეტულად კი დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან. „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს მიაჩნია, რომ გერმანიამ მკაცრად უნდა უპასუხოს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში. ამიტომაც მან გასცა დაპირება, რომ მოხსნის მისი წინამორბედის, ოლაფ შოლცის, აკრძალვას უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გაგზავნის შესახებ და კიევს მისცემს უფლებას, რუსეთის ტერიტორია მიზანში ამოიღოს.

მიგრაცია

ფრიდრიხ მერცი ემხრობა მიგრაციისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას. ის მხარს უჭერს მიგრაციის შემცირებას და სავალდებულო სამხედრო გაწვევის გარკვეული ფორმით აღდგენას. ფრიდრიხ მერცის აზრით, მნიშვნელოვანია „წამყვანი კულტურის“ იდეა. მისი თქმით, ემიგრანტები სწრაფად უნდა ინტეგრირდებოდნენ გერმანიის კულტურულ ღირებულებებთან, რაც „აუცილებელია საერთო ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად.“

მერცის მიდგომა ასევე მოიცავს უფრო მკაცრ შეხედულებებს ისლამის მიმართ და გულისხმობს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავს ზოგიერთ რელიგიურ პრაქტიკასა და სიმბოლოს. ეს მიდგომა მკვეთრად განსხვავდება ანგელა მერკელის პოლიტიკისგან, რომელიც მხარს უჭერდა უფრო ინკლუზიურ და მულტიკულტურულ მიდგომას.

ეკონომიკა

ფრიდრიხ მერცი გეგმავს, უფრო მკაცრი ზომების გატარებას ჩინეთისა და რუსეთის ბაზართან დაკავშირებით. მისი თქმით, გერმანიის ეკონომიკა ზედმეტად დამოკიდებულია პეკინის სურვილებზე. მერცს სჯერა, რომ ფრანკო-გერმანულ კავშირს შეუძლია, შექმნას უფრო მეტი სავაჭრო გარიგება, მეტი სტაბილურობა კომპანიებისთვის და საბოლოოდ უფრო ძლიერი ევროპა.

ენერგეტიკა

ბოლო წლებში გერმანიის ენერგეტიკული პოლიტიკა დიდ ყურადღებას უთმობს განახლებად ენერგიაში ინვესტიციების გაზრდას, ბირთვული რეაქტორების დახურვასა და რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად გაზის მიწოდების ალტერნატიული გზის მოძებნას. ფრიდრიხ მერცი ხალხს დაჰპირდა, რომ ყურადღებას დაუთმობდა განახლებად ენერგიას, თუმცა მისი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია” წინააღმდეგობას უწევს ევროკავშირის მწვანე ენერგიის მიზნებს.

ოლაფ შოლცისგან განსხვავებით, ფრიდრიხ მერცმა გამოავლინა უფრო მეტი მხარდაჭერა ბირთვული ენერგიის მიმართ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანია განაახლებს დახურულ რეაქტორებს, თუმცა ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით მერცის უფრო რბილმა პოზიციამ, შესაძლოა, წაახალისოს სხვა ქვეყნები და დაარწმუნოს ბრიუსელი, რომ ის განახლებად ენერგიად განიხილოს.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები