უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ აღიარებს აშშ-თან 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალს. საუბარია იმ დახმარებაზე, რომელიც ვაშინგტონმა კიევს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მოსაგერიებლად მიაწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ შეუძლია მოსკოვთან შეთანხმება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მომავალ კვირაში, ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დასრულება ერთ კვირაში შეუძლებელია, რადგან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ განიხილება და ამ საკითხზე კონკრეტული შეხვედრები არ ყოფილა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და მხოლოდ ერთი წარმომადგენლით არ უნდა შემოიფარგლოს.
,,უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ. ვგულისხმობ ევროპას. და ვინ წარმოადგენს ევროპას? ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი პირი არ წარმოადგენს ევროკავშირს. და, რა თქმა უნდა, გაერთიანებული სამეფოც უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან.
მაგალითად, თუ უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მე ჩემს პარტნიორებს ვუთხარი, რომ თურქეთის მონაწილეობაც უნდა გავითვალისწინოთ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იქნება მზად, რომ რეალური კონტინგენტი მოგვაწოდოს, რეალური რაოდენობის ჯარისკაცები, გემები, ფლოტი და ა.შ? ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, დიახ.
და ასევე, უნდა ვიფიქროთ გერმანიაზე და სხვა ქვეყნებზე, როცა ჩვენს პარტნიორებზე ვსაუბრობთ, რადგან გერმანია მეორე უდიდესი დონორი ქვეყანაა. გერმანიამ, დაახლოებით 44-47 მილიარდი ევრო გაიღო ჩვენს დასახმარებლად. წარმოიდგინეთ! შეერთებულმა შტატებმა 100 მილიარდი. და შტატების დახმარების 50% -ს შეადგენს გერმანიის დახმარება. ამიტომ, ყველას მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვიპოვოთ ლოგიკური ნაბიჯები, ასეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს უკრაინა კურსკის ოლქის ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებში გაცვლის.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა დათმოს პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს უკრაინას მშვიდობას მოუტანს და თუ ამის სანაცვლოდ უკრაინა ნატოს წევრი იქნება.
,,რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი შეშფოთებულია – მაგალითად, სკანდინავიური ქვეყნები და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი. ფინეთი შეშფოთებულია. ასევე, ემანუელ მაკრონი და კეირ სტარმერი. ვფიქრობ, ეს ადამიანები ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სხვა წარმომადგენლები, ჰოლანდიელებიც, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროპის მშვიდობისთვის. ისინი ახლა მზად არიან, რომ დაგვიჭირონ მხარი. არ მინდა დეტალებში შევიდე კონტინგენტებთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის ზავის დროს.
ამიტომ ვთქვი, რომ საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან მოლაპარაკებები აშშ-თან სასწრაფოა. ვფიქრობ, ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რეალურ ვითარებას გააცნობენ, შემდეგ კი დაბრუნდებიან, და ვფიქრობ, რომ გვექნება შეხვედრა ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, სადაც ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს გადავდგამთ.
ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენი ვალდებულებაა, როგორც პრეზიდენტების, რომ არ დავკარგოთ ეს პარტნიორობა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის, ასევე სენატის, კონგრესისა და შტატების ორივე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა. მე ამაზე დიდ იმედს ვამყარებ და მადლობელი ვარ, რომ ეს მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამართულ პრესკონფერენციაზე.
