რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში ბილბორდებზე გამოჩნდნენ ის ჯარისკაცები, რომლებიც 3 წელია უკრაინის დასაპყრობად იბრძვიან. კრემლის პროპაგანდის თანახმად, ეს ჯარისკაცები „ნამდვილი გმირები“ არიან.
რუსეთი ამაყობს იმ მებრძოლებით, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავენ. კრემლი ამაყობს იმ ჯარისკაცებით, რომლებიც სხვა ქვეყნის ტერიტორიებს იტაცებს.
საოკუპაციო ძალების მებრძოლებს პუტინი მადლობას უხდის და აჯილდოებს. პუტინი თვლის, რომ ისინი რუსეთის უსაფრთხოებას იცავენ. რუსეთის მოქალაქეების ნაწილს კი ეს პროპაგანდისტული ბილბორდები მოსწონს.
„ჰამბურგერების რეკლამის ნაცვლად, სჯობს ის ბიჭები ვაჩვენოთ, რომლებიც ახლა ჯარში არიან და რუსეთს იცავენ. ეს უკეთესიც არის და ბევრად უფრო სასარგებლოც“, – ამბობს მოსკოვის მკვიდრი, ვალენტინი.
ბილბორდებზე გამოტანილი გზავნილები მრავალფეროვანია. კრემლის პროპაგანდა მოსახლეობას მოუწოდებს შეუერთდნენ ქვეყნის არმიას. ისინი ამისთვის 60 000 რუბლს მიიღებენ. რუსეთი ამ გზით დიდ დანაკარგებს ავსებს. პროპაგანდა კი სულ სხვა რამეს ამბობს. მოსკოვის ქუჩებში კი ყოველთვის შეხვდებით მათ, ვისაც ამ პროპაგანდის სჯერა.
„ბევრისთვის ეს შეთავაზება კარგია. ბევრი სიამოვნებით გაწევრიანდება არმიაში, რომ ფული იშოვოს. მე ვიცნობ ისეთ ხალხს, ვინც დარეგისტრირდა და მათ იქ ყველაფერი მოსწონთ. შესაძლოა, ისინი ჯარში ფულის საშოვნელად წავიდნენ. ეს მათი არჩევანია,” – ამბობს რუსეთის მოქალაქე ანდრეი.
რუსი ჯარისკაცების გმირებად წარმოჩენა კრემლის დიდი ხნის ნაცადი სტრატეგიაა. ახალწვეულებზე ეს განსაკუთრებით მოქმედებს. მათ ნაწილს ამისთვის ბავშვობიდან ამზადებენ.
აი მაგალითად, ეგორ ფედორცოვი ბავშვობიდან ამზადებს ბიჭებს და ასწავლის იარაღის გამოყენებას. ამბობს, რომ ის უბრალოდ სამშობლოს სიყვარულს ასწავლის. კრემლის გაგებით სიყვარულს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მათ სამშობლოს სიყვარულს ვასწავლით. ამხანაგების და ერთმანეთის დახმარებას, მეგობრობას ვასწავლით. რაც შეეხება კონკრეტულ დისციპლინებს, ვასწავლით იარაღის გამოყენებას, ტოპოგრაფიას, ტყეში გადარჩენას“, – ამბობს სპეციალური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ეგორ ფედორცოვი.
მწვრთნელმა ფედორცოვმა ცოტა ხნის წინ თავი გამოიჩინა და რუსი სამხედროს ძეგლისთვის ფულიც კი შეაგროვა. მალევე დადგეს ჯარისკაცის ძეგლი. ჯარისკაცის, რომელსაც ხელში აფეთქებისთვის გამზადებული ხელყუმბარა უჭირავს….