უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მომავალთან დაკავშირებით რუს და ამერიკელ მომლაპარაკებლებთან შეხვედრის შემდეგ კვლავ ისმის საერთაშორისო საზოგადოების ეჭვები. კერძოდ, კიევისადმი ვაშინგტონის რადიკალურად შეცვლილ პოლიტიკასა და მოსკოვისადმი შედარებით შერბილებულ რიტორიკასთან დაკავშირებით.
გამოცემა The New York Time-ის ცნობით, 18 თებერვალს საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების დასრულებიდან რამდენიმე საათში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეეცადა, გაექარწყლებინა ევროპელი მოკავშირეების ეჭვები. კერძოდ, იმის თაობაზე რომ მოლაპარაკებები არ ისახავს მიზნად ამერიკული პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას. გამოცემის თანახმად, მარკო რუბიოსა და რამდენიმე ევროპელ დიპლომატს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩაფიქრებული იყო როგორც კრემლის მზაობის შემოწმება, დაიწყოს სამშვიდობო პროცესი.
The New York Time-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის რეზიუმეში მარკო რუბიომ მოკავშირეებს განუმარტა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს უკრაინასა და ევროპას თავს მოახვიოს რაიმე სახის ორმხრივი შეთანხმება რუსეთთან. მისივე თქმით, რუსეთისთვის თეთრი სახლის ადმინისტრაცია არც სანქციების გაუქმებას აპირებს, თუ უკრაინაში წარმოებული ომისადმი მოსკოვის ქცევა შესამჩნევად არ შეიცვლება. თუმცა მარკო რუბიომ განმარტა, რომ თუკი რუსული მხარე დაიწყებს კონკრეტული სამშვიდობო ნაბიჯების გადადგმას, საპასუხოდ ვაშინგტონი ზოგიერთი სანქციის შერბილების საკითხს განიხილავს.
ავტორიტეტიანი გამოცემის სტატიაზე დაყრდნობით, საუბრისას მარკო რუბიომ განმარტა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კარგად ჰქონდა გააზრებული ის გარემოება, რომ მოლაპარაკებების პროცესს რუსეთი გამოიყენებდა დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობის შესაქმნელად და საერთაშორისო არენაზე საკუთარი იზოლაციის შესასუსტებლად.