მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაჯანსაღი საკვების აკრძალვას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაჯანსაღი საკვების აკრძალვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაცია დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის არსებული კვების პროგრამიდან შაქრიანი სასმელების, ტკბილეულისა და სხვა არაჯანსაღი საკვების ამოღებას გეგმავს.

ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა და სოფლის მეურნეობის მდივანმა ბრუკ როლინსმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ არაჯანსაღი პროდუქტების კვების დახმარების პროგრამიდან ამოღებას.

რობერტ კენედი უმცროსი უკვე დიდი ხანია ითხოვს აშშ-ის მთავრობისგან, შეწყვიტოს $113 მილიარდი დოლარის პროგრამა, რომელიც 42 მილიონ ამერიკელს ემსახურება. მისი აზრით, ამ თანხით გაზიანი სასმელებისა და დამუშავებული საკვების დაფინანსება არ შეიძლება.

მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პროგრამიდან ამ საკვების ამოღება ამერიკელების არჩევანის თავისუფლებას შეზღუდავს და მათ, ვინც თვეში საშუალოდ 192$-ს გამოიმუშავებს, ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს.

„რთული პერიოდია, რადგან ყველაფერი ძვირია. სასაცილოა, მაგრამ ათი კვერცხი 12-13$ ღირს. ყველაფერი თავდაყირაა. ეს პროგრამა ვერ გეხმარება ისე, როგორც უნდა გეხმარებოდეს, რადგან ამ თანხით მთელ თვეს ვერ გაძლებ. უნდა წახვიდე საწყობში, იყიდო ახალი ბოსტნეული, როგორც აქ“, – ამბობს მარტინა სანტოსი, SNAP-ის პროგრამის მონაწილე.

მიუხედავად დიდი სურვილისა, პროგრამიდან ამ საკვების ამოღება მარტივი სულაც არ არის, რადგან პროგრამა არ ექვემდებარება რობერტ კენედი უმცროსს და მას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.

საკვებისა და კვების შესახებ 2008 წლის ფედერალური კანონის თანახმად, პროგრამის ფარგლებში არსებული თანხა შესაძლოა გამოყენებული იყოს ნებისმიერი პროდუქტისთვის, გარდა ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და ცხელი სასმელების.

ამ კანონიდან ნებისმიერი საკვების გამორიცხვა საჭიროებს კონგრესის თანხმობას. მეორე მხრივ, შტატებს შეუძლიათ, აკრძალონ ამა თუ იმ პროდუქტის შესყიდვა. წარსულში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამგვარი ცვლილების წინააღმდეგი იყო, რადგან მათი აზრით, არ არსებობდა მკაფიო სტანდარტი, რომლითაც საკვები შეფასდებოდა როგორც „კარგი“ ან „ცუდი“.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოახერხებს ტრამპის ადმინისტრაცია კონკრეტული საკვების აკრძალვას, თუმცა რობერტ კენედი უმცროსი მოსახლეობას ჰპირდება, რომ აშშ-ს კვლავ გამოაჯანმრთელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend