დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი დონალდ ტრამპს წარუდგენს უკრაინაში 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცის გაგზავნის გეგმას. ინფორმაციას გამოცემა „ტელეგრაფი” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ევროპულ ძალებს გააკონტროლონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმება.
Britain, Europe and Ukraine must have a secure future, and democratic values must prevail. pic.twitter.com/rLehVMM19l
— Keir Starmer (@Keir_Starmer) February 17, 2025
ამასთან, წყაროს ცნობით, პრემიერი მოუწოდებს ტრამპს, შეერთებული შტატების მოიერიშე თვითმფრინავები და რაკეტები დატოვოს აღმოსავლეთ ევროპაში, რათა უპასუხოს ლეტალური ძალით, თუ რუსეთი დაარღვევს ზავის პირობებს.
ინგლისურ-ფრანგული გეგმის მიხედვით, 30 000-მდე ევროპელი ჯარისკაცი განლაგდება უკრაინის ქალაქებში, პორტებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებში, როგორებიცაა ატომური ელექტროსადგურები, ახლანდელი ფრონტის ხაზისგან შორს.
დიდი ძალების განლაგების ნაცვლად, მისია დაეყრდნობა „ტექნიკურ მონიტორინგს“, მათ შორის გამოიყენებს სადაზვერვო და სათვალთვალო თვითმფრინავებს, დრონებსა და თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს „სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება“, – აცხადებს წყარო.
ამავე გეგმის თანახმად, საზღვაო საპატრულო გემები გაიგზავნება შავ ზღვაში, რათა დააკვირდნენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს კომერციული გემების მიმართ.
ამ ყველაფრისთვის კი, წყაროს ცნობით, საჭიროა ამერიკის მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა შესაძლოა მოიცავდეს რუმინეთსა და პოლონეთში განლაგებულ აშშ-ის მოიერიშე თვითმფრინავებს, რომლებიც მზად იქნებიან, უპასუხონ რუსეთიდან მომავალ ნებისმიერ აგრესიას.