ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ და „ზომიერად წარმატებული კომიკოსი“ უწოდა.
საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა აშშ, დაეხარჯა 350 მილიარდი დოლარი ომში, რომელშიც „შეუძლებელია გამარჯვება“ და რომელიც „საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო“.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა ომში ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა და ევროპის ფული გარანტირებულია, ვაშინგტონი კი სანაცვლოდ არაფერს მიიღებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ომი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ომისგან მას „დიდი და ლამაზი ოკეანე ყოფს“.
„ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ მისთვის გაგზავნილი თანხის ნახევარი „დაკარგულია“. ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, უკრაინის სოციოლოგიურ კვლევებში მას ძალიან დაბალი მაჩვენებლები აქვს და ერთადერთი, რაც მას ძალიან კარგად გამოსდის, ბაიდენთან თამაშია ისე, როგორც ვიოლინოსთან“. არჩევნების გარეშე დიქტატორს, ზელენსკის ურჩევნია, უფრო სწრაფად იმოქმედოს, სხვა შემთხვევაში მას აღარ დარჩება ქვეყანა“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ამერიკის ლიდერმა ხაზი გაუსვა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხსაც და ომის დასრულების გზაზე ეს საუბრები წარმატებულად შეაფასა. მისივე თქმით, ჯო ბაიდენს მსგავსი პოლიტიკის გატარება არ უცდია, მშვიდობის უზრუნველყოფა ვერც ევროპამ შეინარჩუნა, ხოლო დონალდ ტრამპის შეფასებით, ზელენსკის სურს ფულადი სარგებელი მიიღოს.