ათასობით სტუმარი მთელი მსოფლიოდან სიცილიაზე ეტნას მთაზე ავიდა, რათა ახლოდან დააკვირდნენ ვულკანის ამოფრქვევას.
ეტნას ამ წლის პირველი ამოფრქვევა 11 თებერვალს დაიწყო, თუმცა პროცესი ორშაბათს გაძლიერდა, როცა ჰაერში ფერფლი და ლავა გაიფრქვა.
ფერფლის ღრუბლების გავრცელების გამო, კატანიას აეროპორტმა შაბათ-კვირას ათობით ფრენა სხვადასხვა აეროპორტში გადაამისამართა.
მიუხედავად იმისა, რომ მოლაშქრეებს მთაზე ასვლა მხოლოდ კვალიფიციურ გიდთან ერთად შეეძლოთ, დაწესებულ შეზღუდვებს ყველა არ იცავდა და ისინი თვითნებურად მიდიოდნენ ვულკანთან.

სამოქალაქო დაცვის რეგიონულ სამსახურში აცხადებენ, რომ მათ საჭიროების შემთხვევაში დახმარების გასაწევად ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები განათავსეს.
წინა ამოფრქვევების დროს, ახლომდებარე ქალაქები დაფარული იყო შავი ვულკანური ფერფლით.
ამჯერად, ამოფრქვევამ მხოლოდ მინიმალური შეფერხება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ეტნა ხშირად იღვიძებს, საუკუნეებია ლავას ახლომდებარე ქალაქებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
