მთავარიმსოფლიო„მთელმა მსოფლიომ იცის დამკვეთი” - ერთი წელი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან

„მთელმა მსოფლიომ იცის დამკვეთი” – ერთი წელი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებიდან

მსოფლიომ ამბავი რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურისგან ერთი წლის წინ შეიტყო – პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი, იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

რუსეთის ხელისუფლებამ სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით ახსნა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ალექსეი ნავალნიმ თავი გასეირნებისას შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვალების პირველ წლისთავზე ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სასაფლაოზე მისული ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ამ ვერსიას კვლავ უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერი კრემლის ბრძანებით მოკლეს.

„მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის დამკვეთი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიპოვოთ დამნაშავეები, ვინც ხელი შეუწყო მკვლელობას, ვინც ეს ჩაიდინა“, – ამბობს ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია.

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის ქვრივი, იულია ნავალნაია პირობას დებს, რომ მეუღლის ბრძოლას გააგრძელებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის სიკვდილის შესახებ სიმართლის დაფარვას ცდილობს.

„მადლიერი ვარ ყველასი, ვისაც ახსოვს ალექსეი, ვინც მასზე საუბრობს და წერს, ვინც სასაფლაოზე მოდის. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც გვერდში მედგა მთელი წლის განმავლობაში. თქვენი წერილების წყალობით არ მავიწყდება, თუ რისთვის იბრძოდა ალექსეი და რისთვის ვიბრძვი მე. როდესაც ამდენი კარგი ადამიანი ერთ მხარესაა, გამარჯვება გარდაუვალია. ახლაც, მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ პუტინი ცდილობს, ალექსეის სახელი წაშალოს ჩვენი მეხსიერებიდან, დამალოს სიმართლე მისი მკვლელობის შესახებ, შეგვაგუოს ამ ყველაფერს… მაგრამ არ გამოუვა. ტკივილი გვაძლიერებს. ამ წელმა კი აჩვენა, რომ იმაზე ძლიერები ვართ ვიდრე გვგონია”, – აცხადებს იულია ნავალნაია ვიდეომიმართვაში.

ნავალნის გარდაცვალების შემდეგ რუსული ოპოზიციისთვის წინააღმდეგობის გაგრძელება მარტივი არ ყოფილა.

ქვეყანაში უკანონოდ გამოცხადებული, გადასახლებიდან მომუშავე ოპოზიცია, პუტინის ყველაზე ძლიერი მეტოქის გარეშე ერთიანი ფრონტის შექმნასა და კრემლის წინააღმდეგ მკაფიო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებს.

როგორც ოლეგ ივანოვი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი, რომელმაც რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა, ამბობს: „ქვეყანაში აღარავინ დარჩა, ვინც შეძლებს წინ აღუდგეს კრემლს”.

„მას შემდეგ, რაც ალექსეი გარდაიცვალა, დადგა ისეთი მომენტი, რომ ვფიქრობ, უკან ვეღარ დავბრუნდებით. ის რუსეთის ერთადერთი იმედი იყო. ყოველ შემთხვევაში, ის იყო ლიდერი, რომელიც აერთიანებდა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის შეცვლა სურდა. მისი სიკვდილის შემდეგ ვშიშობ, რომ აღარავინ დარჩა ისეთი, ვინც შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლს. რაც რუსეთი დავტოვე, მაშინვე გადაწყვიტე, რომ უკან აღარასდროს დავბრუნდები. არც უახლოეს და არც შორეულ მომავალში“, – ამბობს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ოლეგ ივანოვი.

ალექსეი ნავალნი მეორე ოპოზიციონერი ლიდერია, რომლის მოულოდნელმა სიკვდილმაც შეძრა რუსეთი და მსოფლიო. 2015 წლის თებერვალში პუტინის საწინააღმდეგო მასობრივ დემონსტრაციამდე დღეებით ადრე ბორის ნემცოვს კრემლის მახლობლად ესროლეს.

წლების განმავლობაში, პასუხად მის მცდელობებზე, დაეკავებინა საჯარო თანამდებობა, რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის, ისევე როგორც მის მოკავშირეებსა და ნათესავებსაც კი, სისხლის სამართლის ბრალდებებს უყენებდა.

ალექსეი ნავალნის საქმის განხილვა მოსკოვის სასამართლოში, რუსეთი, 20 თებერვალი, 2021 წელი Copyright AP Photo/Alexander Zemlianichenko

სულ მცირე 10-ჯერ დაპატიმრებული, მრავალჯერ ნაცემი და ერთხელ მოწამლული, ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში რუსეთში დაბრუნებისთანავე კვლავ დააკავეს. ამჯერად, იგი პატიმრობაში სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

„ალექსეი ნავალნი არის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რუსების მთელი თაობა განსაზღვრა. სანამ ცოცხალი იყო, ციხიდანაც კი, იგი ეწინააღმდეგებოდა ომსა და პუტინის ტირანიას. მან თავისი ცხოვრების მანძილზე ბევრი სირთულე გამოიარა. მისი გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის იყო – ნუ გაჩერდებით, ეცადეთ რაიმე შეცვალოთ, მოემზადეთ ამისთვის“, – ამბობს ალექსეი ნავალნის მოკავშირე და ანტიკორუფციული ფონდის თანადამფუძნებელი, ვლადიმერ აშურკოვი.

ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი რუსეთში მუშაობას განაგრძობს. მისი გუნდის წევრები კრემლში კორუფციის გამოვლენაზე მუშაობენ და პერიოდულად რუსეთის საზღვრებს გარეთ ანტიპუტინისტურ და უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციებს აწყობენ.

მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში პატიმრების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში  დისიდენტები ვლადიმერ კარა-მურზა და ილია იაშინი გათავისუფლდნენ, რუსეთის ოპოზიციური მოძრაობის გამოღვიძების იმედი გაჩნდა. თუმცა, ამ დრომდე მათი საქმიანობა დასავლელ მაღალჩინოსნებსა და გადასახლებაში მყოფ მხარდამჭერებთან შეხვედრებით შემოიფარგლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend