მთავარიმსოფლიოაშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელს ეწვია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახლო აღმოსავლეთის ტურის ფარგლებში თავდაპირველად ისრაელს ესტუმრა.

მარკო რუბიო ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

შეხვედრის დროს რუბიომ ისრაელის ლიდერთან, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა დონალდ ტრამპის სადაო ინიციატივა ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ. მარკო რუბიოს თქმით, ის მხარს უჭერს ტრამპის გეგმას, რადგან ცვლილებებია საჭირო.

„არ შეიძლება გაგრძელდეს იგივე ციკლი, რომელშიც ჩვენ ვიმეორებთ ერთსა და იმავეს და ვუბრუნდებით იმავე ადგილს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო. „ჰამასი“ ვეღარ შეძლებს იყოს სამხედრო და პოლიტიკური ძალა. და გულწრფელი რომ ვიყო, სანამ არის „ჰამასი“ ძალა, რომელსაც აქვს უნარი მართოს ღაზა და რომელსაც შეუძლია დაიმუქროს, მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ტრამპის გეგმა ერთადერთი ეფექტური გზაა, რომელიც გამოსავალს გვთავაზობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს აშშ-ის პრეზიდენტთან.

„პრეზიდენტი ტრამპი და მე ვმუშაობთ სრული თანამშრომლობითა და კოორდინაციით. გვაქვს საერთო სტრატეგია და ამ სტრატეგიის დეტალებს საზოგადოებას ყოველთვის ვერ გავუზიარებთ. მათ შორის ისიცაა, თუ როდის გაიხსნება ჯოჯოხეთის კარიბჭე, და ეს აუცილებლად მოხდება, თუ ჩვენი ყველა მძევალი არ გათავისუფლდება“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ტურის ფარგლებში მარკო რუბიო საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც ეწვევა.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეგვიპტისა და იორდანიის მთავრობებმა ღაზიდან პალესტინელი დევნილების მიღებაზე უარი თქვა, მარკო რუბიო ტურის განმავლობაში ამ ქვეყნებს აღარ ეწვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend