აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს.
„ახლახან მქონდა ხანგრძლივი და საკმაოდ შედეგიანი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. განვიხილეთ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკული სფეროს, ხელოვნური ინტელექტისა და მრავალი სხვა საკითხი. ორივემ ხაზი გავუსვით ჩვენი ერების დიდ ისტორიას და იმ ფაქტს, რომ ერთად, წარმატებით ვიბრძოლეთ მეორე მსოფლიო ომში, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთმა, ჩვენ მსგავსად, ათობით მილიონი მოქალაქე დაკარგა. როგორც ორივე შევთანხმდით, გვსურს, უკრაინაში შევაჩეროთ მილიონობით მოქალაქის სიკვდილი, რომელსაც რუსეთის ომი იწვევს. პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ძალიან ძლიერი გზავნილიც კი გამოიყენა: საღი აზრი. ჩვენ ორივეს ძალიან გვჯერა ამის.
შევთანხმდით ერთობლივ და მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნების სტუმრობაზე. ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დაიწყებენ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს და პირველ ყოვლისა, დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ზარით, რათა შევატყობინოთ საუბრის შესახებ. სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ცენტრალური დაზვერვის ხელმძღვანელს, ჯონ რეთქლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკ უოლცსა და ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ ვიტკოფს, ვთხოვე წარმართონ მოლაპარაკებები, რომლებიც ღრმად დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება. მილიონობით პირი დაიღუპა იმ ომში, რომელიც არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. თუმცა ის დაიწყო და უნდა დასრულდეს. არც ერთი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს! მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ამ სატელეფონო ზარისთვის დათმობილი დროისა და ძალისხმევისთვის, ასევე მარკ ფოგელის გათავისუფლებისთვის, რომელსაც გასულ ღამეს თეთრ სახლში შევხვდი. მჯერა და ვიმედოვნებ, მალე ეს ძალისხმევა წარმატებულ დასასრულამდე მიგვიყვანს!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, პუტინის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა და დარწმუნდა, რომ მასაც მშვიდობის მიღწევა სურს.
„ჩვენ შესანიშნავად ვისაუბრეთ და ის დიდხანს გაგრძელდა, ერთ საათზე მეტ ხანს. აგრეთვე, მე ძალიან კარგი ზარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ვართ. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინს მშვიდობა სურს, პრეზიდენტ ზელენსკისაც მშვიდობა სურს და მეც მშვიდობა მსურს. მსურს ადამიანების სიკვდილი შეჩერდეს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზეც. ის სრულად დაეთანხმა თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის, განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში წევრობაზე მსჯელობა ირაციონალურია.
„არ მგონია, რომ პრაქტიკულია. ვიცი, რომ თავდაცვის მდივანმა, რომელიც შესანიშნავია, დღეს გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდო და არაპრაქტიკულია. ვფიქრობ, ეს სწორია. ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინამდე დიდი ხნით ადრეც მათ თქვეს, რომ არავითარ შემთხვევაში ნატოში უკრაინას არ დაუშვებდნენ. ისინი კარგა ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატოში ვერ შევა და მე ამაზე პრობლემა არ მაქვს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. თავის ვიდეომიმართვაში ზელენსკი აღნიშნავს, რომ ესაუბრა დონალდ ტრამპს, რომელმაც მას პუტინთან საუბრის დეტალები მოუყვა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს გაწეული ძალისხმევისთვის და განაცხადა, რომ არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს – კარგი და სიღრმისეული დისკუსია იყო. მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტი ინტერესდება იმით, თუ როგორ შეგვიძლია მშვიდობის დასამყარებლად ერთობლივი მუშაობა. დიდხანს ვისაუბრეთ. ბევრი თემა განვიხილეთ – დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და პრეზიდენტმა ტრამპმა შემატყობინა იმის შესახებ, თუ რა უთხრა მას პუტინმა. გვჯერა, რომ ამერიკის ძალა საკმარისია, რათა რუსეთსა და პუტინს მშვიდობა აიძულოს, ჩვენთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზუსტი გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდება ომი, დონალდ ტრამპს არ უთქვამს. თუმცა მან განაცხადა, რომ პუტინს შეხვდება და ის მას ვაშინგტონში ელოდება მას შემდეგ, რაც მოსკოვში ჩავა.