აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოსტზე ტულსი გაბარდი ოფიციალურად დაამტკიცეს.
სენატში მოსმენის შემდეგ მის კანდიდატურას მხარი 52-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 48 სენატორმა, მათ შორის ერთმა რესპუბლიკელმა, წინააღმდეგ მისცა ხმა.
ტულსი გაბარდის შესახებ აზრი ორადაა გაყოფილი. მის მიმართ არსებობდა ეჭვები, რომ ის ამართლებდა ვლადიმერ პუტინის უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას, რაც მან სენატში მოსმენისას უარყო.
ტულსი გაბარდმა თეთრ სახლში ფიცი ოთხშაბათს, 12 თებერვალს, დადო და აღნიშნა, რომ ამერიკის მოქალაქეებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დაკარგული აქვთ ნდობა, რასაც ის თანამდებობაზე ყოფნის დროს აუცილებლად აღადგენს.
„ბატონო პრეზიდენტო, პირველ ყოვლისა, მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ ამ თანამდებობის დასაკავებლად. სამწუხაროდ, ამერიკელ ხალხს დეპარტამენტის მიმართ ძალიან მცირე ნდობა აქვს იმის გამო, რომ მათ დაინახეს, როგორ იქცა, დეპარტამენტი პოლიტიკურ იარაღად მაშინ, როცა მისი დანიშნულება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ამრიგად, მოუთმენლად ველი დაგეხმაროთ იმ მანდატის შესრულებაში, რომელიც ამერიკელმა ხალხმა ამ არჩევნებზე გადმოგცათ. საჭიროა დეპარტამენტის რეორგანიზება და შევსება პატრიოტი ადამიანებით, რომლებმაც აირჩიეს, ამ გზით ემსახურათ ჩვენი ქვეყნისთვის და გაეძლიერებინათ ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება და თავისუფლება.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს ისაა, რასაც ჩემი მთელი ცხოვრება მივუძღვენი და მზად ვარ, დავეხმარო თქვენს ადმინისტრაციას ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის ამერიკელი ხალხის ნდობის დაბრუნებაში“, – ამბობს ტულსი გაბარდი, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი.
ტულსი გაბარდი 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო.
