ევროპის ქვეყნებში ჩატარდა გამოკითხვა, თუ რას ფიქრობს ხალხი ევროკავშირისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ურთიერთობების შესახებ. „ტრანსატლანტიკური ბინდი“ – ასე აფასებს შექმნილ მდგომარეობას ევროპული საბჭო საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.
კვლევა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაში ჩატარდა. შედეგები დღეს, 12 თებერვალს, გამოქვეყნდა. გამოკითხულთა 50%-ის აზრით, შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია, 21%-ის აზრით კი, ვაშინგტონი უბრალოდ მოკავშირეა.
ეს მაჩვენებლები ევროპელთა აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს.
„ამ გამოკითხვით ნათლად ჩანს მოქალაქეების დამოკიდებულება. ისინი აღიარებენ, რომ ევროპელებსა და ევროპელ ლიდერებს ამერიკის მიმართ უფრო პრაგმატული მიდგომა სჭირდებათ. ამრიგად, მათ არ აქვთ ილუზია აშშ-ის შესახებ. ისინი ხვდებიან, რომ ტრამპი ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ მსგავსი ტრანზაქციებისთვის“, – ამბობს პაველ ზერკა, ECFR-ის წამყვანი ანალიტიკოსი და გამოკითხვის თანაავტორი.
დონალდ ტრამპის სლოგანია „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამიტომ ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, საკუთარი ინტერესების დასაცავად ისტორიულ ტრანსატლანტიკურ კავშირს გვერდი აუაროს.
„მიმდინარე მოვლენას „ტრანსატლანტიკური ბინდს“ ვუწოდებთ, რადგან გვჯერა, რომ ძველი ტრანსატლანტიკური სისტემა დასრულდა და ახალი უნდა დაიბადოს. ეს სისტემა შესაძლოა შეიქმნას წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების ქმედებებით, რომლებიც უფრო პრაგმატული იქნება. ამ სცენარით, დიახ, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ნაკლებად იქნება დამოკიდებული ღირებულებებზე, ვიდრე ეს წარსულში იყო“, – ამბობს პაველ ზერკა, ECFR-ის წამყვანი ანალიტიკოსი და გამოკითხვის თანაავტორი.
გამოკითხვის შედეგებით ჩანს, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ბევრ ქვეყანაში განსხვავებულად აფასებენ.
„რესპუბლიკურ პარტიას“ დადებითი რეპუტაცია აქვს უნგრეთსა და ბულგარეთში, ხოლო დანია და გერმანია გაცილებით სკეპტიკურად არიან განწყობილი.
სწორედ ამიტომ კვლევის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირის ლიდერებს, იზოლირებულად იმოქმედონ და დონალდ ტრამპთან პრივილეგიური ურთიერთობის დამყარებას შეეცადონ.
