კატეგორიები

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ომის განახლებით იმუქრება

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ომის განახლებით იმუქრება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გააუქმებს და ღაზაში ბრძოლას განაახლებს, თუ შაბათამდე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს.

„ჰამასმა“ 21 ისრაელელი მძევალი ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ორშაბათს, 10 თებერვალს, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ გადაავადებდა დამატებით სამი მძევლის გათავისუფლებას ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევის გამო.

მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და აღნიშნა, რომ ისრაელმა შეთანხმება უნდა გააუქმოს, თუ შაბათამდე „ჰამასი“ 70-მდე მძევალს არ გაათავისუფლებს.

აქცია „ჰამასის” მძევალთა გათავისუფლების მოთხოვნით ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციასთან, იერუსალიმი, ისრაელი, 11 თებერვალი, 2025 წელი Copyright AP Photo/Ohad Zwigenberg

„ჩვენმა კაბინეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება,  რომ თუ „ჰამასი“ არ დააბრუნებს ჩვენს მძევლებს შაბათს შუადღემდე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდება და ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ დაიწყებენ ინტენსიურ ბრძოლას იქამდე, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება.

„ჰამასი“ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და არ ათავისუფლებს ჩვენს მძევლებს, ამიტომ გასულ ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებს ვუბრძანე, დაეწყოთ ღაზის სექტორსა და მის გარშემო მობილიზაცია. ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში დასრულდება“, – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

„ჰამასის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ განაახლებენ მძევლების გაცვლის პროცესს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მხარე დაიცავს შეთანხმების პირობებს.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები