მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იან ტარიფს აწესებს

დონალდ ტრამპი ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იან ტარიფს აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აგრძელებს ტარიფების დაწესებას.  ამჯერად ტრამპი ტარიფებს ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე აწესებს.

ბრძანებაში, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ გაუქმდება 2018 წელს დაშვებული გამონაკლისი და ამიერიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტი მინიმუმ 25%-ით დაიბეგრება.

ტრამპის თქმით, ეს აიძულებს დიდ კორპორაციებს, დაბრუნდნენ აშშ-ში.

„ჩვენ გამონაკლისების გარეშე 25%-იან ტარიფს ვაწესებთ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში ბევრი ბიზნესი გაიხსნება. ვაპირებთ შეხვედრებს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ყოველკვირეულადაც. ვისაუბრებთ სხვადასხვა თემაზე – ნარკოტიკებზე, ფარმაცევტულ საშუალებებზე. ვგეგმავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამერიკა იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის აზრით, ტარიფების დაწესება და ზეწოლა იმ ამერიკელებზე, რომლებიც იმპორტირებულ პროდუქტს მოიხმარენ, საბოლოოდ შიდა წარმოებას გააძლიერებს.

ექსპერტები თვლიან, რომ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფის ზრდა საწარმოების ხარჯს გაზრდის, რაც ამერიკელი მწარმოებლების მდგომარეობას გააუარესებს.

“მტრებიც და მოკავშირეებიც მუდმივად ჩვენს კუთხეში მომწყვდევას ცდილობდნენ. ჩვენს ერს სჭირდება ფოლადისა და ალუმინის წარმოება ამერიკაში და არა უცხო ქვეყნებში. ისე უნდა ავაღორძინოთ წარმოება ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ათწლეულის განმავლობაში რომ  არ ყოფილა“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი.

როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, სამუშაო კიდევ ბევრია. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქაღალდის საწრუპებს აკრძალავს.

მან ბრძანებას ხელი ორშაბათს, 10 თებერვალს, მოაწერა.

„ჩვენ ისევ პლასტმასის საწრუპებს გამოვიყენებთ, რადგან ქაღალდის არ მუშაობს. ისინი მალე იშლება. თუ სითხე ცხელია, ქაღალდი ვერ უძლებს. მხოლოდ წუთი ან რამდენიმე წამი. სასაცილო სიტუაციაა და ამიტომ ვაბრუნებთ პლასტმასისას. არა უშავს, არ მგონია, რომ პლასტმასა დიდად იმოქმედებს ზვიგენზე, რომელიც ოკეანეში გზის გაკვლევას ცდილობს“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპმა გააუქმა ბაიდენის ადმინისტრაციის ბრძანება, რომელიც 2035 წლისთვის პლასტმასის ერთჯერადი საწრუპების ქაღალდით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend