„ვაშინგტონი-მოსკოვი-კიევი” – სატელეფონო კავშირი ამოქმედებულია და უჩვეულოდ აქტიურიც. ნიუ-ორლეანისკენ მიმავალმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, თუმცა კითხვაზე ეს საუბარი ოვალურ კაბინეტში დაბრუნებამდე ჰქონდა თუ მანამდე, ბუნდოვანი პასუხი გასცა.
„მქონდა… მოდით, უბრალოდ ასე ვთქვათ, რომ მე ის მქონდა. და მე ველი კიდევ უფრო მეტ საუბარს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, ჩვენ მას დავასრულებთ, და უნდა დავასრულოთ ის, რაც შეიძლება მალე. ეს არ უნდა მომხდარიყო, არც მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჩვენ ვცდილობთ, დავასრულოთ ეს ომი. ამასთან, ჩვენ გვაქვს პროგრესი, მაგრამ ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში.
ბევრის თქმას ჯერჯერობით ერიდებიან კრემლშიც. უშუალოდ პრეზიდენტების საუბარს პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა მანამდე ღიად თქვა, რომ ბირთვული სახელმწიფოების დედაქალაქებს შორის „დელიკატურ თემებზე კონტაქტი სხვადასხვა არხით მიმდინარეობს”. უფრო მეტი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„საკომუნიკაციო ხაზები არსებობს, დაკეტილი არ არის და სამუშაო პროცესშიცაა. თუმცა მეორე საკითხია, რომ უმაღლეს დონეზე არანაირი შეთანხმება არ არის. ეს სავსებით შესაძლებელია მოხდეს და ჩვენი მხრიდან მზადყოფნა არსებობს. ტრამპის გუნდი, მიუხედავად მათ მიერ გაცხადებული ურთიერთგამომრიცხავი პოზიციისა რუსეთთან დიალოგის განახლების ინტერესს მაინც იჩენს. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ უკრაინის საკითხის განხილვისთვის, მაგრამ მხოლოდ თანაბარ, ორმხრივად მისაღებ პირობებზე”, – ეს უკვე სერგეი რიაბკოვია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
აქტიურია დისკუსია ვაშინგტონსა და კიევს შორის და სავარაუდოდ, ის კიდევ უფრო გააქტიურდება. უახლოეს დღეებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავა ჯეი დი ვენსი – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. მას სასაუბროდ პირადად ვოლოდიმირ ზელენსკი დახვდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი შესაძლო სცენარებზე ITV-სთან ინტერვიუში მსჯელობს.
„თუ მეცოდინება, რომ აშშ და ევროპა არ მიგვატოვებენ, გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას და მოგვცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, მე მზად ვიქნებოდი მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის. ცეცხლის შეწყვეტა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე იქნება ყველას მარცხი. მე ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ვუთხარი მას, რომ თუ არ გვექნება უსაფრთხოების გარანტია, ჩვენ მივიღებთ გაყინულ კონფლიქტს. ეს კი უკვე ნანახი გვაქვს. ის, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ტრამპისთვისაც. მას სჭირდება არა მხოლოდ ომის დასრულება, არამედ ისიც, რომ პუტინი შესაძლებლობების გარეშე დარჩეს, რათა არ დაიწყოს მორიგი ომი.
გავიმეორებ, პუტინს არ სურს ომის დასრულება, ასეთ შემთხვევაში კი სანახევრო ზომებს ვერ მივიღებთ. ასეთ შემთხვევაში გვჭირდება ისეთი ისტორია, შეთანხმება, უსაფრთხოების გარანტია, რომ პუტინმა ან ვინმე სხვამ რუსეთში იმავეს გამეორება ვერ შეძლოს, რომ ამას თუ გააკეთებენ, წააგებენ. ფუნდამენტური დოკუმენტები უნდა მომზადდეს უკრაინისთვის და ეს შეიძლება გახდეს ტრამპის გეგმის საფუძველი. უკრაინაზე დონალდ ტრამპის გეგმა უნდა მოიცავდეს ევროპასაც, რადგან უკრაინა ევროპის ნაწილია და ევროკავშირის წევრი იქნება”, – უპასუხა ჟურნალისტს კითხვას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ევროპის როლი ამ მოლაპარაკებებში რომ დიდია, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს იციან. ევროკავშირში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, უკრაინის მხარდაჭერაზე თანხმობაა, რადგან აგრესორთან ყველაზე ახლოს გეოგრაფიულად სწორედ ევროპის ქვეყნები არიან. თუმცა რა იქნება მათი კონტრიბუცია მშვიდობის დამყარებაში – ამაზე მიმდინარე კვირას საუბარი შედგება ევროპაშივე, სადაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მთავარი მრჩეველი მაიკ ვოლტსი ჩავა.
„დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ მიმდინარე კვირას პრეზიდენტი მზად იქნება, ყველა საკითხი მაგიდაზე დადოს, მათ შორის უკრაინაში ამერიკული დახმარების საკითხიც. ჩვენ ეს თანხა უნდა ავინაზღაუროთ უკრაინის იშვიათი ბუნებრივი რესურსების სახით, ასევე ნავთობი იქნება ეს თუ გაზი. საუბარი მიმდინარე კვირას შედგება. აქ ხაზგასასმელი იქნება ევროპელების ჩართულობა. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონფლიქტის განვითარებასა და მომავალში უსაფრთხოების გარანტიებზე. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ვიცე პრეზიდენტი, ევროკავშირში ჩვენი წარმომადგენელი – ამ კვირაში ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. ეს კი მაგიდასთან ორივე მხარის ჯდომას გულისხმობს. პრეზიდენტს არ გავასწრებ, მაგრამ გეტყვით, რომ მიმდინარეობს ბევრი საუბარი ძალიან მგრძნობიარე თემებზე”,- აღნიშნა ინტერვიუში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლტსმა.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მზადების პროცესში აშშ-ის საიმედო გამოსავლის მოლოდინი აქვთ, თუმცა რუსეთთან დაკავშირებით თავის დაზღვევის გეგმებიც მზადა აქვთ. თეთრ სახლში არ გამოურიცხავთ, რომ კრემლის ისედაც დასუსტებული ეკონომიკა შესაძლოა უფრო მკაცრი ამერიკული სანქციების სამიზნეც გახდეს. მითუმეტეს, რომ მაღალი ტარიფების დაწესებას ტრამპი არც მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მიმართ მორიდებია.