მთავარიამერიკააშშაშშ პანამის არხში შეიარაღებული ძალების უფასოდ გადაადგილებას მოითხოვს

აშშ პანამის არხში შეიარაღებული ძალების უფასოდ გადაადგილებას მოითხოვს

პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო ხუთშაბათს, 6 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მხარეებს არ მიუღწევიათ შეთანხმებისთვის ამერიკული სამხედრო საზღვაო ხომალდების პანამის არხში უფასოდ გადაადგილების შესახებ.

„სამწუხაროდ, უნდა უარვყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რადგან ის სიცრუეზეა დაფუძნებული. ყოველ შემთხვევაში, ჩემი წარმოდგენით, ორმხრივი ურთიერთობები მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ასე არ წარმოებს“, – ამბობს ხოსე რაულ მულინო, პანამის პრეზიდენტი.

„ძალიან გაკვირვებული ვარ სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ორგანოა, ის მართავს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას და ექვემდებარება აშშ-ის პრეზიდენტს. აუტანელია, უბრალოდ აუტანელი“, – ამბობს ხოსე რაულ მულინო.

აშშ ნამდვილადაა დაინტერესებული პანამის არხში ამერიკული გემების უფასო გადაადგილებით. ამავეს ადასტურებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადება, რომლითაც ის, დომინიკის რესპუბლიკაში დიპლომატიური ვიზიტის დროს, პანამის პრეზიდენტს გამოეხმაურა.

„პანამის გამო გაკვირვებული არ ვარ. ჩვენ ვისაუბრეთ და ვფიქრობდი, რომ იყო გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გვაქვს გეგმები, რომლებზეც შევჯერდით ამ საუბრების დროს. პატივს ვცემ, რომ პანამას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, აქვს წესები და კანონები, რომელთა დაცვასაც აპირებენ, თუმცა ჩვენი მოლოდინი უცვლელი რჩება. ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება უნდა შესრულდეს და შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, განსაკუთრებით საზღვაო ფლოტმა, არხის გასავლელად თანხა არ უნდა გადაიხადონ. აბსურდია, გადავიხადოთ იმ სატრანზიტო ზონაში, რომლის დაცვის ვალდებულებაც კონფლიქტის დროს გვაქვს“, – ამბობს მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავებამდეც საუბრობდა პანამის არხის შესახებ. მისი აზრით, პანამა ჩინეთის მზარდი გავლენის ქვეშაა და ჰონგ-კონგში დაფუძნებული ორგანიზაცია პანამის არხს მართავს, რაც დაუშვებელია და უნდა გამოსწორდეს.

დონალდ ტრამპი არც არხის დაბრუნებას გამორიცხავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend