მთავარიმსოფლიოევროპაბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ სისტემას ჩაეხსნებიან

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ სისტემას ჩაეხსნებიან

საბჭოთა კავშირის დატოვებიდან 30 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მეზობელი რუსეთისა და ბელარუსის ელექტროსისტემას ჩაეხსნებიან და, სანაცვლოდ, ევროკავშირის ქსელს მიუერთდებიან.

ნავთობითა და გაზის რესურსებით მდიდარი რუსეთის ელექტროსისტემიდან ჩახსნას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ასევე სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

ამ მიმართულებით მუშაობა მას შემდეგ დაჩქარდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

„პირველ ყოვლისა, ეს იქნება საბჭოთა ტიპის „ბრელის“ სისტემიდან გამოსვლა. ეს, ჩემი აზრით, რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემაზე ჩვენი დამოკიდებულების უკანასკნელი ელემენტი იყო. აგრეთვე, კარგი შესაძლებლობაა პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ელექტროსისტემის ძირითადი პარამეტრების – სიხშირისა და ძაბვის დარეგულირებასა და კონტინენტური ევროპის ელექტროსისტემაში ინტეგრირებაზე. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ უფრო მოქნილი ელექტროენერგიის ფასის დადგენაში, რაც ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების ერთ-ერთი ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მათი სისტემიდან გამოსასვლელად და ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად ლიეტუვამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. მათ შორის 2022 წლის აპრილში, როდესაც ჩვენ შევწყვიტეთ რუსეთისგან ნებისმიერი სახის ენერგორესურსის შესყიდვა, უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის საპასუხოდ“, – ამბობს გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი.

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა რუსეთსა და ბელარუსთან 16 ელექტროგადამცემი ხაზით იყო დაკავშირებული, თუმცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან წყალქვეშა თუ სახმელეთო კაბელების ეტაპობრივად გაყვანის პარალელურად, რუსეთთან დამაკავშირებელი ხაზები მცირდებოდა.

შაბათს, 8 თებერვალს, სათითაოდ გაითიშება ყველა დარჩენილი გადამცემი ხაზი, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთსა და მის ექსკლავ კალინინგრადთან აკავშირებს.

გათიშვიდან 24 საათის განმავლობაში სამივე ქვეყანა საკუთარ რეზერვებს გამოიყენებს, ხოლო მეორე დღეს ისინი საბოლოოდ დაუკავშირდებიან ევროპისა და სკანდინავიის ელექტროენერგიის ქსელს. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირმა 1.2 მილიარდი ევრო გამოყო.

ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობების თქმით, მოვლენების პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ყალბი ინფორმაცია შესაძლო ენერგოდეფიციტის წარმოქმნისა და ელექტროენერგიის ფასის გაძვირების შესახებ, რაზეც შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend